დავით მათიკაშვილი: 26 მაისი საერთო ეროვნული დღესასწაულია და ერი ამას ისე იზეიმებს, რომ რადიკალები თავის საკუთარ ბინძურ მიზნებს ვერ მიაღწევენ
“26 მაისი არის საერთო ეროვნული დღესასწაული და ერი ამას ისე იზეიმებს, რომ რადიკალები თავის საკუთარ ბინძურ მიზნებს ვერ მიაღწევენ. თუ მაინც შეეცდება ვინმე, რომ კანონი დაარღვიოს, მათ სახელმწიფო ადეკვატურ პასუხს გასცემს”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, 26 მაისი საქართველოში ზეიმით აღინიშნება და რადიკალიზმი მას ჩირქს ვერ მოსცხებს.
„თავების დათვლაზე რომ არიან გადასული და მუდმივად იმდენ თავს ითვლიან, რაც არ არის მათთვის საკმარისი მათი დესტრუქციული მიზნების განსახორციელებლად, გულისხმობს იმას, რომ მათ საზოგადოების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. კვლავ უცხოეთზეა აქცენტი გამახვილებული. უცხოეთში ეძებენ მხარდაჭერას, ხსნას და სწორედ ამიტომაც არის, რომ მათი დაანონსებული აქცია იქნება თუ სურვილი, სადმე დესტრუქცია მოაწყონ, საბოლოოდ ფიასკოთი სრულდება. მხარდაჭერის არმქონე ე.წ. პოლიტიკური ძალები სწორედ ასე ასრულებენ საკუთარ სურვილებს და წიაღსვლებს, მათ შორის, ასე მოხდება, დარწმუნებული ვარ, 26 მაისსაც. ისინი ცდილობენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს რაღაც დისონანსი შეიტანონ საერთო ეროვნულ ზეიმში. ეს მათ, ცხადია, არ გამოუვათ. ნიკა გვარამია იყო „ნაცმოძრაობას“ სადისტური რეჟიმის თანაშემოქმედი და მას 26 მაისზე საერთოდ არაფერი აქვს სათქმელი. რაც ნაკლებს ისაუბრებენ და აჟიტირებას ნაკლებად მოახდენენ, ალბათ, მათთვისვე უკეთესია. სახურავებზე შემოყრილი ორი გვამი, დასისხლიანებული რუსთაველის გამზირი და სასტიკად დასჯილი პროტესტანტები ყველას კარგად გვახსოვს. ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ცდილობდნენ საკუთარი ქვეყნის და ხალხის დაზიანებას, ახლა ოპოზიციაში ყოფნისას იგივე სურვილები გააჩნიათ. ქართველი ხალხის ნება-სურვილს წინ ვერავინ აღუდგება. ეს არის საერთო ეროვნული დღესასწაული და ერი ამას, რა თქმა უნდა, ისე იზეიმებს, რომ გარეშე რადიკალები თავის საკუთარ ბინძურ მიზნებს ვერ მიაღწევენ. თუ მაინც შეეცდება ვინმე, რომ კანონი დაარღვიოს, რომელიც ჩვენი საზოგადოების წესრიგისთვის არის გათვალისწინებული, მათ სახელმწიფო ადეკვატურ პასუხს გასცემს. ყველა გაფრთხილდეს, ვინც ქართველი ხალხის წინააღმდეგ გადაწყვეტს რაიმე ფორმით კანონი დაარღვიოს. ჩვენ ველოდებით იმას, რომ 26 მაისი ზეიმით აღინიშნება საქართველოში და რადიკალიზმი მას ჩირქს ვერ მოსცხებს,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მოსახლეობას 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.