Booking.com-მა მომხმარებლები მათი პერსონალური მონაცემების გაჟონვის შესახებ გააფრთხილა

“მესამე მხარეებმა შესაძლოა, არაავტორიზებული წვდომა მოიპოვეს თქვენს წარსულ ან მომავალ დაჯავშნებთან დაკავშირებულ ზოგიერთ მონაცემზე“,- მსგავსი შინაარსის შეტყობინებებს სასტუმროების დაჯავშნის სერვისი Booking.com თავის მომხმარებლებს უგზავნის.

ინფორმაციას ამის შესახებ BBC News-ი ავრცელებს.

სერვისის ელექტრონული ფოსტის თანახმად, თავდამსხმელებს შესაძლოა წვდომა ჰქონოდათ დაჯავშნის დეტალებზე, ელექტრონული ფოსტის მისამართებზე, სახელებზე, ტელეფონის ნომრებზე და სხვა ინფორმაციაზე, რომელიც მომხმარებელმა სასტუმროს ადმინისტრაციას გაუზიარა. შეტყობინებაში ხაზგასმულია, რომ კლიენტების ფინანსურ ინფორმაციაზე წვდომა არ მიუღიათ.

Booking.com-მა BBC-ს განუცხადა, რომ მომხმარებლებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

“Booking.com არასდროს მოითხოვს სტუმრებისგან საკრედიტო ბარათის დეტალებს ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, WhatsApp-ით ან SMS-ით და არც სტუმრებს სთხოვს საბანკო გადარიცხვის განხორციელებას, გარდა იმ გადახდის მეთოდისა, რომელიც მითითებულია მათ დაჯავშნის დადასტურებაში“, – განაცხადა სერვისმა.

კომპანია ასევე წერილობით აცნობებს მომხმარებლებს, რომ შეკვეთების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მან დაჯავშნის PIN კოდი განაახლა.

BBC-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები აცხადებენ, რომ Booking.com-ის მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის შემდეგ შესაძლოა „თაღლითობის ახალი ტალღა“ დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები