სალომე კვარაცხელია: “სასტუმროს დატვირთულობამ პირველ კვარტალში რეკორდულ, 97%-ს მიაღწია“

2026 წლის იანვარი-მარტის პერიოდში საქართველომ საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ახალი რეკორდი დაამყარა. 3 თვეში ქვეყანაში 1 მილიონი ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია.

სასტუმრო „მარკო პოლო გუდაურის“ წარმომადგენლის, სალომე კვარაცხელიას განცხადებით, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მოლოდინი გადაჭარბებით შესრულდა. მისი თქმით, დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით სასტუმროების ქსელი თითქმის სრული დატვირთვით მუშაობდა.

„პირველ ეტაპზე რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ დეკემბრის შუა რიცხვებიდან თებერვლის ჩათვლით „მარკო პოლო გუდაურის“ დატვირთულობა 97%-ს შეადგენდა. ეს არის უპრეცედენტო მაჩვენებელი, რომელმაც წინა წლებს ბევრად გადააჭარბა და ჩვენს მოლოდინებსაც კი გასცდა. გვყავდა ძალიან ბევრი სტუმარი როგორც ევროპიდან, ისე ახლო აღმოსავლეთიდან, ისრაელიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. მარტის თვეშიც გეგმაგადაჭარბებით მივდიოდით, სანამ ახლო აღმოსავლეთში წარმოქმნილმა საომარმა მდგომარეობამ რეალობა გარკვეულწილად შეცვალა“, – განაცხადა სალომე კვარაცხელიამ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ვიზიტორთა ტოპ 15-ში მეზობელ ქვეყნებთან ერთად არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ჩინეთი, ინდოეთი და სხვა მიზნობრივი ქვეყნები. სტრატეგიული ბაზრებიდან კი მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა ჩინეთმა (+48.6%) და კორეის რესპუბლიკამ (+67.2%).

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები