გენოციდი კატინის ტყეში — სიმართლე, რომელიც მიწისქვეშ დამარხეს
1940 წლის გაზაფხულზე საბჭოთა კავშირის ციხეებსა და ბანაკებში ათასობით პოლონელი ოფიცერი, ექიმი, პროფესორი და ინტელიგენტი უკვე თვეების განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული. ისინი ელოდებოდნენ მომავალს, რომელიც ბუნდოვანი იყო, მაგრამ უმეტესობას სჯეროდა, რომ ომი დასრულდებოდა და სახლში დაბრუნდებოდნენ. მათ არ იცოდნენ, რომ ჯერ კიდევ 5 მარტს, მოსკოვში სტალინმა, მოლოტოვმა და პოლიტბიუროს სხვა წევრებმა ხელი მოაწერეს განაჩენს, რომელიც 25ნ700 პოლონელი ტყვის „სასამართლოსა და გამოძიების გარეშე“ დახვრეტას ითვალისწინებდა.
ამის ნაცვლად, ისინი სატვირთო მანქანებში ჩასვეს და ტყეებისკენ წაიყვანეს. ერთ-ერთი ასეთი ადგილი იყო კატინის ტყე — ჩვეულებრივი, მშვიდი ადგილი სმოლენსკთან ახლოს, რომელიც მალევე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ბნელ სიმბოლოდ გადაიქცა. აქ, ისევე როგორც ხარკოვისა და კალინინის საიდუმლო ობიექტებზე, ტყვეები ჯგუფებად გამოჰყავდათ, ხელებს უკან უკრავდნენ და ახლო მანძილიდან კეფაში ნასროლი ტყვიით კლავდნენ.

ეს არ იყო ქაოსური ძალადობა, ეს იყო ცივსისხლიანი და სისტემატური ოპერაცია, რომელსაც საბჭოთა უშიშროების ორგანო — NKVD — ახორციელებდა. დახვრეტილთა შორის იყვნენ პოლონეთის არმიის ოფიცრები, პოლიციელები, მეცნიერები და ხელოვანები. ეს იყო მიზანმიმართული მოქმედება, რათა პოლონეთს მომავალში წინააღმდეგობის გაწევის ყოველგვარი უნარი წართმეოდა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ, სხვადასხვა ლოკაციის გათვალისწინებით, 22 000 ადამიანს გადააჭარბა.
ტრაგედია მხოლოდ სიკვდილით არ დასრულებულა, მას უამრავი ტყუილი მოჰყვა. როდესაც 1943 წელს ნაცისტურმა გერმანიამ ეს ტერიტორია დაიკავა და მასობრივი საფლავები აღმოაჩინა, მსოფლიომ პირველად იხილა მტკიცებულებები. თუმცა, საბჭოთა კავშირმა მაშინვე უარყო ყველაფერი და პასუხისმგებლობა გერმანიას დააკისრა. შეიქმნა სპეციალური სახელმწიფო კომისიებიც კი, რომლებიც ფაქტებს აყალბებდნენ, რათა სიმართლე ისტორიის ფურცლებიდან სამუდამოდ ამოეშალათ.

სიმართლე ოფიციალურად ბევრად მოგვიანებით, საბჭოთა იმპერიის დანგრევის პირას აღიარეს. 1990-იან წლებში გახსნილმა არქივებმა წერტილი დაუსვა ყველა კითხვას — დოკუმენტებმა დაადასტურა, რომ ოპერაცია მართლაც უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრძანებით ჩატარდა. ნაპოვნი იქნა ტყვეთა პირადი დღიურებიც, რომელთა ავტორებიც ბოლო წუთამდე სასოწარკვეთილები და გაოგნებულები იყვნენ იმის გამო, თუ რატომ მიჰყავდათ ისინი ტყეში, ნიჩბებით გათხრილი ორმოებისკენ.
დღეს კატინის ტყე მხოლოდ გეოგრაფიული ადგილი აღარ არის. ის იქცა სიმბოლოდ იმისა, თუ როგორ შეიძლება, დამალო მთელი ისტორია, გადააკეთო ის და ათწლეულების განმავლობაში სხვაგვარად მოუყვე მსოფლიოს.