საქართველოზე შეყვარებული იტალიელი მხატვარი და არქიტექტორი
ბევრი უცხოელი გინახავთ, ალბათ, საქართველოთი აღფრთოვანებული, „ჯორჯიას“ ხსენებაზე ხინკალი და საცივი რომ ახსენდებათ. ეჭვი მაქვს, თითზე ჩამოსათვლელად იცნობდეთ, ან საერთოდ ვერ იხსენებდეთ ადამიანს, რომლისთვისაც ჩვენი ქვეყნისადმი სიყვარული არა ხაჭაპურიდან, არამედ საქართველოს კულტურიდან იწყება. არა, თქვენ ისეთი ქართველის პოვნაც გაგიჭირდებათ, საქართველოში ამდენი ღირსშესანიშნაობა ჰქონდეს მონახულებული.
გიორგი (ჯორჯო) ზანელლა იტალიელი მხატვარია, რომელიც ერთი წლისაც არ იყო, როცა საქართველოში ჩამოვიდა. ამის მიზეზი ის არის, რომ იგი დედით ქართველია.
ცოტას ქართულადაც ახერხებს საუბარს. ამბობს, რომ ბავშვობაში კარგად ლაპარაკობდა, ახლა დაავიწყდა და უნდა ისევ ისწავლოს. გიორგი 24 წლის არის და უკვე იტალიაში რამდენიმე გამოფენის მოწყობაც მოასწრო. კრიტიკოსებმა ის შეაფასეს, როგორც ნიჭიერი და ორიგინალური სტილის მხატვარი, განსაკუთრებით ფუტურიზმში. ჩვენი ქვეყნისადმი სიყვარულს მხატვრობითაც გადმოსცემს, რამდენიმე ნამუშევარი აქვს თამარ მეფისა და ქართული ტაძრების თემაზე შესრულებული.
– მე დავიბადე იტალიაში, ქალაქ ტრენტოში, რომელიც ჩრდილოეთით, ალპებთან ახლოს მდებარეობს. მამაჩემი იტალიელია, იმავე რეგიონიდან საიდანაც მე. მამისაგან განსხვავებით, დედა ქართველია, თბილისის ახლო მდებარე კახეთიდან.
– რა იყო იმის მიზეზი, რომ სურვილი გაგიჩნდა, საქართველოს თითქმის ყველა კუთხე და ღირსშესანიშნავი ადგილი გენახა?
– პირველი მიზეზი ჩემი ნათესავები იყვნენ. შემდეგ მე მეგობრებიც მყავს აქ. უნდა ვაღიარო, რომ მოგზაურობაც მიყვარს, საქართველო კი ტურისტებისთვის ბევრ და მრავალფეროვან ადგილს გვთავაზობს. ალპური ლანდშაფტიდან რამდენიმე კილომეტრში შეხვდები განსხვავებული ტიპოლოგიის კავკასიის მთებს, ისეთს, როგორიც არის ხევსურეთი, სვანეთი, ყაზბეგი. გამწვანებული ადგილები, კლდეები. გასაოცარი უდაბნო დავით გარეჯში. ქვეყანა სავსეა ანტიკური მონუმენტებით, რომლებიც ქრისტიანულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება და ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ლოგიკურიც არის, რომ მხატვრები და არქიტექტურის მოყვარულები გამოარჩევენ ისეთ ძეგლებს, როგორიცაა სვეტიცხოველი, გელათი, ბაგრატის ტაძარი. ისინი დიდ ინტერესს იწვევენ იმ იტალიელებში, ვინც ნახულობს ჩემს ფოტოებს.
– ბევრი ეკლესია გინახავს, რომელიმე ფრესკა ან ტაძარი განსაკუთრებულად ხომ არ მოგწონს?
– რა თქმა უნდა. მე შემიძლია მოკლე სია მოგცე. ალავერდი, სამება, ყაზბეგი, სიღნაღი, მცხეთა, გელათი და ბაგრატი ქუთაისში, შატილის ციხესიმაგრე, დავით-გარეჯი, ვარძია და უფლისციხე. ნაკეთობის მაღალი ხარისხით გამოვარჩევდი სვეტიცხოველს. არქიტექტურული თვალსაზრისით – გელათის მონასტერს ულამაზესი ფრესკები აქვს. ხოლო ძეგლები, რომლებიც ადგილმდებარეობით გამოირჩევიან, განლაგებულნი არიან მთაში და ბუნებაში, ან პირიქით – უდაბნოში. ესენია: ვარძია, დავით- გარეჯი და გერგეთი.
– სხვა ქვეყნებშიც დადიხარ და მსგავსი ადგილები მოგივლია, ნახევრად ქართველი რომ არ ყოფილიყავი, როგორ ფიქრობ, ჩამოხვიდოდი საქართველოში?
– ყველა შემთხვევაში კი. არის მიზეზები, რატომაც დავდივარ ყოველ წელიწადს საქართველოში. მე ვნახულობ აქ ტურისტებს, ზოგი მათგანი იტალიელიც კი არის. ადვილი არ არის, ნახო განსხვავებული ტიპოლოგიის, ლანდშაფტის მქონე მონუმენტები. რამდენიმე კილომეტრში შეგიძლია განხსხვავებული ლანდშაფტის მქონე ძეგლი აღმოაჩინო. ეს ხელოვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და უნიკალურია. ეს არის ტური მათთვის, ვისაც სურს, იხილოს არაგლობალიზებული და არაურბანული ადგილები, ველური ბუნებით და საინტერესო მოსახლეობით. შეგიძლიათ დაუმატოთ ასევე უგემრიელესი კერძები და ფოლკლორი, რომელიც უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესოა…
– და ამ ყველაფერს მხატვრობაშიც გადმოსცემ. როდის მიხვდი, რომ ხელოვნების ეს დარგი შენი საქმე იყო?
– ეს არის ჰობი და არა საქმიანობა. ეს არის ისეთი რაღაც, ურომლისოდაც ვერ ვიარსებებ, როგორც საკვებისა და დასალევის გარეშე. როცა მაქვს ფურცელი, არ შემიძლია არ ვხატო ის, რაც ჩემს გონებაშია. ხატვა 6 წლის ასაკში დავიწყე. ხოლო, ამ საქმეს ხელი სერიოზულად 5 წლის წინ მოვკიდე და ჩემი ნამუშევრების შეგროვებ ადავიწყე. ეს ლოგიკურიც არის, მე ვიზრდებოდი და ვკითხულობდი ისტორიულ წიგნებს, ბავშვობაში ვმოგზაურობდი მთელ იტალიაში, ყველამ კარგად იცის, რომ იტალია სავსეა ხელოვნების ძეგლებით.
– რა თემაზე ხატავ და რომელი გიყვარს ყველაზე მეტად?
– ყველაფერი მარტივია, მე მომწონს შუა საუკუნეების ხელოვნება, განსაკუთრებით ბიზანტიური სტილი. ეს და ჩემი გრძნობები ჩემს ნახევრად სამშობლოსთან გავაერთიანე. რა თქმა უნდა, ამ ნახატებში შეუძლებელია მთავარ გმირად თამარ მეფის, ან საქართველოს სხვა ღირსშესანიშნაობების არ წარმოჩენა.
ჩემს შემოქმედებაში: ბიზანტიური. კლასიკური და ფუტურისტული – სამი სტილი აისახება. ყველა ეს ერთი-მეორეს ეწინააღმდეგება. ბიზანტიური სტილის არსი თავგანწირვის გრძნობას მოიცავს, სადაც ყველა ადამიანი ემსახურება ერთ იდეას, რელიგიის აუცილებლობას სულაც არ ვგულისხმობ. ასევე აღმოსავლური ხასიათიც ძალიან მიყვარს. კლასიკური სტილი ჩემთვის გამოხატულების უმაღლესი ფორმაა, ის, რომ ევროპელი ადამიანი დაიბადა და მისი აკვანი დაირწა ძველ საბერძნეთში და რომის იმპერიაში. ფუტურისტული სტილი ანადგურებს ადამიანს და კიბორგის მსგავსად აქცევს, რომელიც მანქანის მსგავსად გადავიდა ავტომატურ მოქმედებებზე და დაკარგა ყველა ადამიანური თვისება. შეიცვლა არა რაციონალური განცდა მიზეზისა, არამედ ის, რომ ადამიანის ენერგია თანამედროვე ეპოქაში ტექნოკრატიული გახდა.
– თავიდან რომელიმე მხატვრის გავლენას განიცდიან ხოლმე, შენს შემთხვევაში როგორ იყო?
– როცა ვიზრდებოდი, ვნახულობდი წიგნებს და ფოტოებს რაფაელზე, მიქელანჯელოზე, კარავაჯოზე და ლოგიკურიცაა, რომ მათი გავლენის ქვეშ მოექეცი. მაგალითი მათგან ავიღე, მაგრამ რომელიმე მათგანზე ფოკუსირება არ შემიჩერებია, მძულს კოპირება. მინდა, შევქმნა რამე განსაკუთრებული, უნიკალური და განუმეორებელი ხასიათით. რაც შეეხება ფუტურიზმს, უნდა ვაღიარო, მე შთამაგონეს ისეთმა ხელოვანებმა, როგორიცაა დეპერო ფორტუნატო, სევერინი ჯინო, ანტონიო სანტელია.
– რა გეგმები გაქვს მხატვრობასთან დაკავშირებით?
– რთულია პასუხის თქმა, ძალიან ბევრი იდეა მაქვს. ერთ-ერთი მათგანი არის ფუტურისტულ ქალაქზე მუშაობა. მეორე კი – რომაულ სკულპტურებზე. ყველაფერი კლასიკურ სტილში მინდა გავაკეთო.
– რას ნიშნავს შენთვის, იყო მხატვარი და ცხოვრობდე იტალიაში?
– აჰ, არაფერს! აქ საჯაროდ ცნობილი მხატვარი მხოლოდ ის არის, ვისაც ფული აქვს. უმრავლესობათა აზრით, რაც მე გავიგე, უკეთესი პირობებია ლონდონში, პარიზში, ან თუნდაც ბერლინში. უბრალოდ, მე იტალიაში გავიზარდე ხელოვნების გარემოცვაში და ამ ყველაფერმა შთამაგონა. არც ერთ ქვეყანაში არ არის იმდენი მემკვიდრეობითი ხელოვნება, რამდენიც აქ. დედამიწაზე არც ერთ ქვეყანაში არ მინახავს ამდენი კულტურა და სტილი თავიანთ ტერიტორიაზე, რამდენიც იტალიაში. სწორედ ამიტომ, იტალია უკვე უდიდესი კულტურული ცენტრია ევროპისა და მისი ძეგლების უმრავლესობას იუნესკო იცავს.
– მხატვრობის გარდა რით ხარ დაკავებული?
– ვკითხულობ ბევრ ისტორიულ წიგნს, ვსწავლობ, მიყვარს მზარეულობაც (საჭმლის კეთება).
– როგორც არქიტექტორი, რას იტყვი ძველ და ახალ თბილისზე?
– მე მიყვარს ძველი თბილისი, მას აქვს რაღაც ორიგინალური სტილი, რომელიც ახასიათებს სახლებს, ხის ფერადი აივნებით, ბევრი ტაძრით ნარიყალას ციხესიმაგრის ქვეშ. ის განსაკუთრებულიაა ორიგინალურობით. ლამაზი ინტერიერი აქვს სიონს. თბილისის ახალ არქიტექტურას საშინელ შეფასებას მივცემდი. მე არ ვამბობ, რომ შენობები უშნოა, ან ლამაზია, მე ვამბობ, რომ მათი ადგილმდებარეობა შეუფერებელია და წარსულთან კავშირის გარეშე არიან ტრადიციულ არქიტექტურასთან, რომელიც წინა საუკუნეებიდან შემორჩა.
თინათინ დვალი