“იუსტიცის ყოფილი მინისტრი მიხეილ სააკაშვილი პატიმრებს ვადაგასული კონსერვებით კვებავდა”

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის წარსულს იხსენებს და მას კორუფციულ დანაშაულებებში ამხელს. როგორც სულხან მოლაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, იუსტიციის ყოფილი მინისტრი მიხეილ სააკაშვილი, რომლის დაქვემდებარებაშიც სასჯელაღსრულების დაწესებულებები იყო, პატიმრებს ვადაგასული კონსერვებით კვებავდა, ხოლო სამინისტროში გადარიცხული თანხები კი მინისტრის ჯიბეში მიდიოდა.
სულხან მოლაშვილი ინტერვიუს დროს პროკურორ ვალერი გრიგალაშვილის საქმიანობის შესწავლას ითხოვს. მისი თქმით, ვალერი გრიგალაშვილი კონტროლის პალატის მაშინდელი დასკვნის შესახებ ინფორმირებულია, ეს დასკვნა კი თავად სულხან მოლაშვილის მიერ არის ხელმოწერილი.
„უმრავლესობამ და „ნაციონალებმა“ პარლამენტში ერთხმად დაუჭირეს მხარი უკრაინას, სწორედ იმ უკრაინაში ორიოდე კვირის წინათ ძალაში შევიდა კანონი ლუსტრაციის შესახებ, რომელიც იანუკოვიჩის დროინდელი თანამდებობის პირებს სამსახურში მუშაობას უკრძალავს. შეიძლება ასეთი მკაცრები არ ვიყოთ, მაგრამ აუცილებელად უნდა გადავდგათ მსგავსი ტიპის ნაბიჯები და სააკაშვილის დროინდელი ჩინოვნიკები ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას. როგორ შეიძლება დღეს პროკურორად ის ადამიანი მუშაობდეს, რომელიც გუშინ შეგნებულად აწერდა ხელს მცდარ საბრალდებო დასკვნებს?!
გადახედეთ საქმეებს, რომლებიც დღესაც პროკურატურის თაროებზე დევს. ღამეები ათენონ და ისეთი საბრალდებო დასკვნები შექმნან, რომ ქვა გახეთქოს. კონტროლის პალატის თავმჯდომარეობის დროს ჩემ მიერ მოპოვებული დოკუმენტები რომ ამოქექონ, მარტო ის ეყოფა სააკაშვილს ციხეში წასასვლელად. მან ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სწორედ ამიტომ იძია ჩემზე სური.
მოჰკითხეთ, ბატონებო, ვალერი გრიგალაშვილს, რომელიც დღეს პროკურატურად გყავთ დაწინაურებული, სად გააქრო საქართველოს კონტროლის პალატის არქივი?! მეტიც, არქივის გატანისთვის ცალკე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას. დოკუმენტებში შავით თეთრზე წერია, თუ რა კორუფციულ დანაშაულებებს სჩადიოდა სააკაშვილი, როცა ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრი და საკრებულოს თავმჯდომარე იყო. სწორედ ჩემი ხელმძღვანელობის დროს გაირკვა, რომ იუსტიციის მინისტრი სააკაშვილი გაფუჭებული კონსერვებით კვებავდა პატიმრებს, ხოლო იქ დარიცხული თანხები მათ ჯიბეში მიდიოდა. მოიპოვეთ ეს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც სასჯელაღსრულებითი დაწსებულებიდან უამრავი ჯართი გავიდა და უკვალოდ გაქრა. სააკაშვილის მინისტრობის დროს, იუსტიციის სამინისტროში ე.წ. ალა ფურშეტებში“ ასტრონომიული თანხები იხარჯებოდა, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, საკუთარი პიარისთვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ასი ათასობით ლარი გადარიცხა მაშინდელი ოპოზიციური ხუთჯვრიანი დროშების დასამზადებლად. ეს ყველაფერი დოკუმენტირებულია“, – აცხადებს სულხან მოლაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები