როგორ შეიძლება, აისახოს ისრაელ-ირანის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკაზე, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს პროცესებს საქართველოს ეკონომიკაზე – ამ საკითხებთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ ისაუბრა.
როგორც ცუცქირიძემ განაცხადა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, კონფლიქტი მოკლევადიანი იქნება , თუ ხანგრძლივი. მისი თქმით, თუ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი მოკლევადიანი იქნება, ჩვენს ეკონომიკაში , ან ფასებზე, ან ინფლაციაზე რაიმე ცვლილება არ მოხდება.
“ვხედავთ, რომ სიტუაცია მარტივი არაა. ახლო აღმოსავლეთი აქვეა. ჩვენ არ ვიცით, ესკალაცია რა ფაზაში გადავა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ეს იქნება შედარებით მოკლევადიანი კონფლიქტი, თუ უფრო ხანგრძლივი. ეს მაინც ლოკალური კონფლიქტია, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს აშშ ეხმარება, მათ შორის, კოსმოსიდან და სადაზვერვო ინფორმაციით, იგივე რაკეტების ჩამოგდების საკითხში. მაგრამ, ამ კონფლიქტში ამერიკა ჯერ ოფიციალურად ჩართული არაა. მოკლევადიანი ჩვენზე ნაკლებად აისახება. მოკლევადიანში ვგულისხმობ პროცესს, რომელიც ახლაა. დღეს, არც მთავარი მაგისტრალებია ჩაკეტილი, მიუხედავად იმისა, რომ რაკეტების ორმხრივი სროლაა. ეს ჯერ სახმელეთო ოპერაციებში არ გადასულა. თუ სახმელეთო ოპერაციებში გადავა, ეს უკვე ლოკალური კონფლიქტის რეგიონულ და გლობალურ კონფლიქტად გადაფორმატებას ნიშნავს. მოკლევადიანში იგულისხმება, ეს პროცესი უახლოეს 10 დღეში საით წავა, ესკალაცია გაიზრდება, თუ პირიქით, დაწყნარებისკენ წავა. შეიძლება, ისრაელმა განცხადება გააკეთოს, რომ ამ ოპერაციის მთავარი მიზანი – ატომური ინფრასტრუქტურის განადგურება დასრულდა და ირანს არ აქვს შანსი, ატომური იარაღი აწარმოოს. სხვა სცენარიც არსებობს – შუამავლების მეშვეობით საზავო ხელშეკრულების გაფორმება. აქ ასეთი პირობა ვიცით, რომ ირანმა ატომური იარაღის წარმოებაზე საერთოდ უარი უნდა თქვას.
ანუ, მოკლევადიანში ვხედავთ, რომ საქართველოში ჯერ არაფერი ხდება, პროცესები არც სავალუტო კურსს დატყობია, არც ფასებს. კონფლიქტის ლოკალური განვითარება ხანგრძლივი განვითარებისგან აბსოლუტურად განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ირანს შორის ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვა თითქმის გაორმაგებულია, ირანი ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი მაინც არაა. ათეულში შედის და რიგით მეათეა. საქართველოს და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის მონაცემებით, 322 მილიონი დოლარი იყო. თვალსაჩინოებისთვის: ჩვენი საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასული წელს 23,5 მილიარდი იყო. ანუ ფაქტობრივად, ირანთან 1 %-ია. აქედან გამომდინარე, რაიმე ზეგავლენას ვერ მოახდენს. ირანთან სავაჭრო ბალანსი უარყოფითი გვქონდა. ექსპორტი მხოლოდ 48 მილიონი იყო, მაშინ როცა იმპორტი 285 მილიონი იყო. რა საქონელი შემოგვქონდა: ძირითადად, ეს ნავთობპროდუქტები, მაზუთი , დიზელი, სამშენებლო მასალები. მაგრამ, საზღვარი რომც ჩაიკეტოს, ეს ჩანაცვლებადია. ამან შეიძლება ფასებზე ძალიან ხანმოკლე ზეგავლენა მოახდინოს. შემდეგ დაბალანსდება. იგივე ნავთობპროდუქტებს აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიღებთ. ანუ , ნავთობის იმპორტი დივერსიფიცირებულია. აქ რაიმე დეფიციტის შექმნა რომ წარმოვიდგინოთ, სერიოზული არაა.
ირანთან ვაჭრობა რომც ჩაიკეტოს, ეს ფასებზე რაიმე სერიოზულ გავლენას არ მოახდენს.
მოკლევადიანში ჩავთვალოთ, რომ ეკონომიკაში რაიმე ცვლილება, ან ფასებზე, ან ინფლაციაზე არ მოხდება. ინფლაციური ზეწოლის განეიტრალება არც ეროვნულ ბანკს დასჭირდება, მაგალითად, მონეტარული განაკვეთის გაზრდით. მოკლევადიანში შედარებით ნაკლებად ვართ რისკის ქვეშ”- განაცხადა ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, ისრაელ- ირანის კონფლიქტის თუნდაც შედარებით ხანგრძლივ
სცენარში საქართველოზე რაიმე სერიოზული
ეკონომიკური ზეგავლენა ნაკლებადაა მოსალოდნელი. როგორც ცუცქირიძემ განაცხადა,
ინფლაციური რისკები გაზრდილი იქნება, მაგრამ რისკების გაზრდა არ ნიშნავს, რომ ინფლაცია გაიზრდება. მისივე თქმით, რისკი ნიშნავს, რომ როვნულ ბანკს მოუწევს, ბერკეტები გამოიყენოს , რათა ეს რისკები დააზღვიოს.
“თუ კონფლიქტი გრძელვადიანში გადავა, მაშინ სხვა პროცესები მოხდება. როცა საუბარია ჰორმუზის სრუტეზე, იქ მსოფლიო ნავთობპროდუქტების დაახლოებით 25 % გადის. ეს არის ძირითადი არტერია, დერეფანი, რომელიც აზიას, ახლო აღმოსავლეთს, ევროპას ერთმანეთთან აკავშირებს. ძირითადად, სპარსეთის ყურეზეა საუბარი. ამიტომ, თუ კონფლიქტი სახმელეთო ნაწილზე გადავა, ჰორმუზის სრუტე რომც არ ჩაიკეტოს, გემები უბრალოდ ამ მარშრუტით მოძრაობას მოერიდებიან. ეს სხვა მარშრუტებში გადამისამართება. ეს აუცილებლად გამოიწვევს გლობალური მიწოდების ჯაჭვების წყვეტს და გადაწყობას. ამ შემთხვევაში ნავთობის ფასი, შეიძლება, 100 დოლარისაც ასცდეს. გავითვალისწინოთ, ირანი, მიუხედავად სანქციებისა, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ერთერთი წამყვანი მიმწოდებელია. ეს არის გლობალური განვითარების სცენარის ყველაზე მაღალი ინფლაციური რისკის მატარებელი. რადგან გაძვირებული საწვავი ფასებზე აუცილებლად აისახება. გადაზიდვები გაიძვირდება.
თუ ეს კონფლიქტი გახანგრძლივდა, საწვავზე ფასების ზრდა , სპარსეთის ყურის
ავლით მიწოდებები მოხდა, აქ ორი მომენტია: გეოეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ჩინეთია. იმიტომ, რომ ჩინეთი ზუსტად ამ გზით ენერგომატარებლების
იმპორტს ახორციელებს.
საქართველო, როგორც შუა დერეფანი კიდევ უფრო დაიტვირთება. თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ მხოლოდ რისკების არეალში მოვხვდებით. ანუ შემოსავლები, ტრანზიტი გაიზრდება. იგივე ჩინეთთან ბრუნვა გაიზრდება. მაგრამ, ჩვენ კიდე არ ვიცით, თურქეთის პოზიცია რა იქნება. თურქეთი, შეიძლება, ამ კონფლიქტში ჩართული აღმოჩნდეს, იმიტომ, რომ ლიბანი, სირია, ყველა ის ტერიტორია, რომელზეც შეიძლება, საბრძოლო მოქმედებები განვითარდეს , თურქეთს ესაზღვრება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ,
თუ კონფლიქტის გრძელვადიანი განვითარება მოხდა, ჩავთვალოთ, რომ ინფლაციური წნეხი გაიზრდება, რადგან ენერგომატარებლების, გადაზიდვების ფასები გაიზრდება, რაც პროდუქციას გააძვირებას იწვევს.
ეროვნულ ბანკს დღეს აქვს, ფაქტობრივად, ყველა ბერკეტი, რომ ამ ინფლაციური წნეხის დაწევა მოახდინოს.
თუ ამ პერიოდში დოლარი გამყარდა, ბუნებრივია, ეს სხვადასხვა ვალუტაზე, მათ შორის ლარზეც აისახება, მაგრამ,
კიდევ ერთხელ ვიმეორებ,
ამ ეტაპზე საქართველოსთვის თუნდაც შედარებით ხანგრძლივ
სცენარში რაიმე სერიოზული
ეკონომიკური ზეგავლენა ნაკლებად არის მოსალოდნელი. ვამბობ , რომ ინფლაციური რისკები გაზრდილი იქნება, მაგრამ რისკების გაზრდა არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ინფლაცია გაიზრდება. რისკი ნიშნავს, რომ როვნულ ბანკს მოუწევს, ბერკეტები გამოიყენოს , რათა ამ რისკების დაბალანსება, ანუ დაზღვევა მოახდინოს.
მას ეს ბერკეტები აქვს. რაღაც სცენარები, რომ ეს აქ ფასების
კატასტროფულად ზრდას გამოიწვევს, ცოტა არსერიოზულია.
ბოლო წლებში გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს ევროპის
ქვეყნებთან, რომლებიც ამ რეგიონს მოცილებულები არიან.
ეს კავშირები იგივე ნავთობპროდუქტებთან მიმართებაში, არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს საწვავის დეფიციტზე, რაც ინფლაციური რისკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მკვებავი წყაროა ხოლმე. ნავთობპროდუქტები
ევროკავშირიდანაც შემოგვაქვს.
მაგრამ, იმის გამო რომ მიწოდების გლობალური ჯაჭვები შეწყდება, ან გადამისამართდება, ბუნებრივია, ეს
იმპორტზე, ანუ შემოტანილ საქონელზე აისახება. გაძივრებული საწვავი ჩვენს ექსპორტზეც აისახება.
თუ რისკებზეა საუბარი ერთ-ერთი რისკი უსაფრთხოების რისკი იქმება. ყველაზე არასასურველი სცენარი მიგრანტთა ნაკადებია. მიგრანტთა დიდმა ნაკადებმა, შესაძლოა, საქონლის დეფიციტი გამოიწვიოს”- განაცხადა ცუცქირიძემ.