პაატა სალია – ევროპარლამენტში არსებობს კონკრეტულად ერთი პოლიტიკური პარტიის ლობი, რომელიც დაცლილია სამართლიანობისგან
,,ევროპარლამენტში არსებობს კონკრეტულად ერთი პოლიტიკური პარტიის ლობი, რომელიც დაცლილია სამართლისგან და მოკლებულია გარემოებების რეალურ შეფასებას”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციებს საქართველოს მოსახლეობაზე გავლენა არ აქვს.
„მერამდენე რეზოლუციაა, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია ინფორმაციას და შეგრძნებას, თუ რა ხდება საქართველოში. რა მოხდა რეალობაში, რატომ არიან ეს ადამიანები დაპატიმრებული. როდესაც ევროპარლამენტი დღესაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოგვიწოდებს, ამით ყველაფერი ნათელია. ეს არის კონკრეტულად ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი ლობი და წარმომადგენლობა ევროპის პარლამენტში. ამ ეტაპზე სამწუხაროდ მრავალრიცხოვანი, მაგრამ აბსოლუტურად დაცლილი სამართლიანობისგან, მოკლებული იმ ფაქტობრივი გარემოებების რეალურ შეფასებასა და შეგრძნებას, თუ რა ხდება საქართველოში, რა განწყობა აქვს საქართველოს მოქალაქეებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მმართველი გუნდის მიმართ და ა.შ. ვფიქრობთ, რომ არანაირი ძალა, არანაირი გავლენა ამას არა აქვს, უპირველესად ჩვენს მოსახლეობაზე, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზე. მომავალშიც თუ ევროპარლამენტის რეზოლუციები მსგავსი შინაარსის იქნება, მათაც ალბათ არანაირი გავლენა არ ექნებათ, რადგან მოქალაქეები ხედავენ, სად არის სიმართლე. ასეთი მაღალი ტრიბუნიდან როდესაც მსგავსი რეზოლუციები მოდის, ეს მათ რეპუტაციას აზიანებს. ვისურვებდი, რომ ევროპარლამენტს მომავალში უფრო მეტად ეზრუნა საკუთარ რეპუტაციაზე“, – განაცხადა სალიამ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“.