ხუხაშვილი: კარგი იქნებოდა პრემიერს “ნაციონალების“ კრიტიკის ნაცვლად ამ საკითხებზე ესაუბრა

 

   ექპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ “ქართული ოცნების“ მმართველობის 2 წლიან ანგარიშით  წარდგენას დადებითად აფასებს, თუმცა ფიქრობს, რომ მთავრობის მეთაურს ყოფილი ხელისუფლების კრიტიკისთვის დათმობილი დრო სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმებზე საუბრისთვის უნდა გამოეყენებინა.
როგორც ხუხაშვილმა “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, საზოგადოებისთვის ისედაც ნათელია, თუ რას წარმოადგენს “ნაციონალური მოძრაობა“ და ის თუ რას ემსახურებოდა მათი რეჟიმი. ექპერტი ფიქრობს, რომ პრემიერის მხრიდან ყოფილი მმართველი გუნდის მუდმივმა კრიტიკამ შეიძლება ისევ “ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე დაასხას წყალი.
“ქართულმა ოცნებამ“ “ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დემონტაჟი მოახერხა, რა თქმა უნდა, ეს საზოგადოების ნებით მოხდა. მოქალაქეების დიდმა ნაწილმა 2012 წლის არჩევნებით ყოფილ მმართველ გუნდის პოლიტიკას უარი უთხრა. პრემიერ-მინისტრი დღევანდელ გამოსვლაში, ისე როგორც სხვა გამოსვლებში საკამოდ დიდი დროს უთმობს ოპონენტების კრიტიკას და მათ მიერ დაშვებული შეცდომები მოყავს მაგალითებად. საზოგადოებამ ისედაც კარგად იცის, თუ რას წარმოადგენს “ნაციონალური მოძრაობა“, პრემიერის მხრიდან ამის შეხსენების საჭიროებას ვერ ვხედავ. დღევენდელ ანგარიშში პრემიერმა ძირითადად იმ ცვლილებეზე და სიკეთეებზე ისაუბრა, რაც ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას მოჰვა. ამის შესახებ მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს და თავად პრემიერსაც არაერთხელ უსაუბრია. უმჯობესია, საზოგადოებამ იცოდეს იმის შესახებ, თუ რას აპირებს მომავალში ხელისუფლება იმისთვის, რომ მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი და ასე შემდეგ… კარგი იქნებოდა პრემიერს “ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკის ნაცვლად ამ ასეთ საკითხებზე ესაუბრა“, – განუცხადა “კვირას“ გია ხუხაშვილმა.
რაც შეეხება პრემიერის მიერ აფხაზი და ოსი ხალხისადმი მიმართვას და მათთვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ავტონომიისა და ევროპული პერსპექტივების შეთავაზებას, ხუხაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მსგავსი სახის შეთავაზებები აქამდეც კეთდებოდა და პრემიერის მიერ ამ კონტექსტში გაკეთებულ შეთავაზებაში განსაკუთრებული სიახლე არ არის.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი “ქართული ოცნების” მმართველობის 2-წლიანი ანგარიშით წარსდგა.
ირაკლი ღარიბაშვილმა განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოების წინაშე 2-წლიანი ანგარიშით წარდგენისას აფხაზ და ოს ხალხსაც მიმართა. “მინდა კიდევ ერთხელ შევეხმიანო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს – ჩვენ ერთი მიწის შვილები ვართ, ეს არის ჩვენი ტერიტორია, ერთი ტკივილი გვაერთიანებს და ერთად უნდა გავაგრძელოთ გზა მომავლისაკენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო აფხაზური ენის დღე ჩვენს აფხაზ ძმებს, რომელსაც ისინი დღეს, 27 ოქტომბერს აღნიშნავენ. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ჩვენთან ერთად, მხოლოდ ევროპული პერსპექტივების მქონე საქართველოსთან ერთად შეძლებენ ჩვენი აფხაზი ძმები საკუთარი ენის, კულტურის შენარჩუნებას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები