პრემიერმა დღევანდელი ანგარიშით გამონაკლისი დაუშვა და მკაფიო აქცენტები დასვა – ლაგაზიძე

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ “ქართული ოცნების“ მმართველობის 2- წლიანი ანგარიშით წარდგენას აფსებს და აცხადებს, რომ პრემიერმა, საერთო ჯამში, პოზიტიური მოხსენება გააკეთა.
ხათუნა ლაგაზიძე “კვირასთან“ პრემიერ-მინისტრის მიერ დასმულ იმ აქცენტებზე საუბრობს, რომლებიც, ექსპერტის შეფასებით, კარგად და სწორად იყო დასმული.
ლაგაზიძის თქმით, მისასალმებელია მთავრობის მეთაურის განცხადებები, რომ არსებული ხელისუფლება არ დაუშვებს მედიაზე ზეწოლას, პოლიტიკური ნიშნით ძალადობას და თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა იქნება მთავრობის პრიორიტეტი.
ექსპერტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პრემიერის მიერ აფხაზი და ოსი ხალხისადმი მიმართვაზე და მათთვის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ავტონომიისა და ევროპული პერსპექტივების შეთავაზებაზე.
ლაგაზიძე  მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როცა აფხაზ ხალხს რუსეთის მხრიდან ასიმილაციის საფრთხე ღიად ემუქრება, მთავრობის მეთაურის აღნიშნული შეთავაზება დროულია.
“მთლიანობაში ეს იყო პოზიტიური გამოსვლა. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებს არ დასჯის, კრიტიკის გამო არ დააშინებს მათი ოჯახის წევრებს, არ შეზღუდავს მედიის თავისუფლად მუშაობას, არ დააშანტაჟებს ბიზნესს, არ შეუვარდება ტელევიზიებს, არ დაარბევს და ჟურნალისტებს სამაგალითოდ არ დასჯის მათ სიმართლის თქმის გამ.  მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ხელისუფლება ადამიანების უკეთესი მომავლისთვის და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის იბრძვის. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია აფხაზეთის და ოსეთის მიმართულებით გაკეთებული ემოციური გზავნილები. იმ სიტუაციებში, როდესაც დღის წესრიგში დე ფაქტო აფხაზეთის და რუსეთის ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხი დგას და აფხაზ ხალხს ასიმილაციის საფრთხე ემუქრება, მათ ქართველების სახით ერთადერთი პატრონი რჩებათ. ხელისუფლებას დღემდე უჭირდა საზოგადოებისთვის პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზება, პრემიერმა დღევანდელი ანგარიშით გამონაკლისი დაუშვა და მკაფიო აქცენტები დასვა, რაც მისასალმებელია“, – განუცხადა “კვირას“ ხათუნა ლაგაზიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი საზოგადოების წინაშე “ქართული ოცნების” მმართველობის 2-წლიანი ანგარიშით წარდგა.
ირაკლი ღარიბაშვილმა განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა საზოგადოების წინაშე 2-წლიანი ანგარიშით წარდგენისას აფხაზ და ოს ხალხსაც მიმართა.
“მინდა კიდევ ერთხელ შევეხმიანო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს – ჩვენ ერთი მიწის შვილები ვართ, ეს არის ჩვენი ტერიტორია, ერთი ტკივილი გვაერთიანებს და ერთად უნდა გავაგრძელოთ გზა მომავლისაკენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო აფხაზური ენის დღე ჩვენს აფხაზ ძმებს, რომელსაც ისინი დღეს, 27 ოქტომბერს აღნიშნავენ. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ჩვენთან ერთად, მხოლოდ ევროპული პერსპექტივების მქონე საქართველოსთან ერთად შეძლებენ ჩვენი აფხაზი ძმები საკუთარი ენის, კულტურის შენარჩუნებას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები