საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 2 ნაპირსამაგრი პროექტის ტენდერი გამოაცხადა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ორ სხვადასხვა ლოკაციაზე, ნაპირსამაგრი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ელექტრონული ტენდერები გამოაცხადა.

ტენდერები გამოცხადდა: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვისმინდორში, მდინარე არეშის ნაპირსამაგრ სამუშაოებზე, რომლის სავარაუდო ღირებულება 1 924 494.19 ლარს შეადგენს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, მდინარე შრომისხევის (ხიდიდან ნაკრძალამდე მონაკვეთი) ნაპირსამაგრ სამუშაოებზე, სავარაუდო ღირებულებით 2 356 739.69 ლარი.

მდინარე არეშის სანაპიროზე წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების დროს იტბორება ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი–ჭაბუკიანი–აფენი–კაბალისა და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები. დაგეგმილი ნაპირსამაგრი პროექტი აღნიშნულ პრობლემებს სრულად აღმოფხვრის.

ანალოგიური ვითარებაა მდინარე შრომისხევზეც, სადაც წყალმოვარდნების პერიოდში იტბორება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მდინარის პირას არსებული სასტუმროს ტერიტორია, საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

დაგეგმილი ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება უზრუნველყოფს როგორც მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დაცვას, ისე დაცული ტერიტორიისა და ტურისტულ-რეკრეაციული სივრცეების უსაფრთხოებას.
პროექტები სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები