დავით სონღულაშვილი: ქართული ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის, მნიშვნელოვანია პროდუქციის მაღალი ხარისხი, რისთვისაც ფერმერებს მხარში უდგას სახელმწიფო არაერთი მიზნობრივი დახმარებით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად, ქ. ქობულეთში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გახსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„სულ რამდენიმე დღეში ციტრუსის მოსავლის აღების აქტიური პერიოდი დაიწყება. მინდა განვაცხადო, რომ სრულ კოორდინაციაში ვართ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.

„ნარინჯისფერი რთველის“ ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, დღეს საგანგებო შტაბი გაიხსნა.

როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის, მნიშვნელოვანია პროდუქციის მაღალი ხარისხი, რისთვისაც ფერმერებს მხარში უდგას სახელმწიფო არაერთი მიზნობრივი დახმარებით.

„ნარინჯისფერი რთველით“ დასრულდება მიმდინარე წლის მოსავლის დაბინავება. წელს უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა ყურძნის მოსავლის აღება. გვქონდა ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ჭარბი – 350 ათას ტონამდე მოსავალი, რომელიც სრულად დაბინავდა. ამავდროულად, უზრუნველყოფილია, რომ ღვინის ხარისხი გვექნება მაღალი. დაბინავებულია ვაშლის მოსავალიც; არასტანდარტული ვაშლი სრულად ჩაიბარა წარმოებამ. სახელმწიფომ გამოყო ფინანსური რესურსი, რამაც უზრუნველყო, რომ ყველა ფერმერმა შეძლო გაწეული შრომის შესაბამისი ანაზღაურების მიღება.

ანალოგიური მოლოდინი გვაქვს ციტრუსთან დაკავშირებით. მოსავალი სრულად დაბინავდება. ჩვენთვის პრიორიტეტია, ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას, ხოლო, მეორე მხრივ, ყველა ფერმერმა მიღებული მოსავლის რეალიზაცია შეძლოს და შესაბამისი შემოსავალი მიიღოს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდიაა გათვალისწინებული. მაღალი ხარისხის ციტრუსის მნიშვნელოვანი ნაწილი საექსპორტოა, რომელსაც 20-ზე მეტი საწარმო მიიღებს; არასტანდარტულ მანდარინს ქობულეთში ორი საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით ჩაიბარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები