“ღია Wi-Fi-ს როდესაც ვუკავშირდებით, შეიძლება, ჩვენი მონაცემები მესამე მხარემ მოიპოვოს” – კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი

„საქართველოს საბანკო ასოციაციის“ კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი, ინგა ქარჩავა იმ რისკების შესახებ საუბრობს, რაც ე.წ. ღია Wi-Fi-ს (ქსელი, რომელიც პაროლით არაა დაცული, დაუშიფრავი კავშირია) შეიძლება, უკავშირდებოდეს.

როგორც ქარჩავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როცა ღია Wi-Fi კავშირს ვუერთდებით, უნდა ჩავთვალოთ, რომ მის უკან რისკია და შეიძლება, ჩვენი მონაცემები მესამე მხარემ მოიპოვოს.

“ზოგადად, ღია Wi-Fi საფრთხის შემცველადაა მიჩნეულია. ეს არ ნიშნავს, რომ ყოველი ღია Wi-Fi-ს უკან კიბერთაღლითია და ელოდება, როდესაც გარკვეული სენსიტიური, ან კონფიდენციალური მონაცემების გაცვლა მოხდება, მაგრამ მომხმარებელმა რისკები მაინც უნდა შეაფასოს. ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ღია Wi-Fi კავშირს როდესაც ვუერთდებით, ის ჩვენთვის, ასე ვთქვათ, ” შავი ხვრელია”, უნდა ჩავთვალოთ, რომ მის უკან რისკია და შეიძლება, ჩვენი მონაცემები მესამე მხარემ მოიპოვოს. ეს არცთუ ისე რთულია. რა რეკომენდაციაა ამ შემთხვევაში: ისეთი ოპერაციების დროს, როგორიცაა ფინანსური ტრანზაქცია, მობაილბანკში, ინტერნეტბანკში შესვლა, ონლაინტრანზაქციის განხორციელება, სადაც ჩვენ საბარათე მონაცემები შეგვყავს, ღია Wi-Fi კავშირი არ გამოვიყენოთ. თუ აუცილებელია, ონლაინ შესყიდვა აუცილებლად mobile data-ით განვახორციელოთ, ანუ ამ შემთხვევაში საკუთარ ინტერნეტს ვიყენებთ. ასევე კარგი პრაქტიკაა ღია Wi-Fi კავშირი არ დავიმახსოვროთ. თქვენ იცით, რომ ბევრ ტელეფონს გააჩნია ფუნქცია, რომ Wi-Fi კავშირს იმახსოვრებს. როდესაც თქვენ იმ სივრცეში ხვდებით, სადაც ღია Wi-Fi კავშირია და ერთხელ დამახსოვრებული გაქვთ, ყოველ შესვლაზე ავტომატურად უკავშირდებით, ამ დროს გახსოვდეთ, რომ დაუცველ Wi-Fi კავშირზე ხართ მიერთებული. ამიტომაც კარგი პრაქტიკაა, რომ ღია Wi-Fi კავშირის გამოყენება შევწყვიტოთ, როდესაც არ გვესაჭიროება. ეს არის ასეთი მარტივი რჩევა, რომელიც უნდა გვახსოვდეს. ასევე, ძალიან მარტივია ღია Wi-Fi -ის წვდომის წერტილის დაყენება. შესაძლოა, კარგად ცნობილი საჯარო სივრცის დასახელებით კიბერთაღლითმა Wi-Fi დაკავშირების წერტილი შექმნას. შესაძლოა, თქვენ დაუკავშირდეთ, შეიყვანოთ ის მონაცემები, რაც ვახსენეთ და ის მესამე მხარისთვის ხილული იქნება. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვიყოთ ხოლმე, ფინანსური ტრანზაქცია ღია Wi-Fi კავშირზე არ განვახორციელოთ. თუ ამის გაკეთება გვიწევს, კარგი პრაქტიკაა მობილურზე VPN აპლიკაციის დაყენება. წარმოიდგინეთ, რომ ის არის დაცული კერძო არხი თქვენს ტელეფონსა და wi-fi წერტილს შორის, როდესაც მონაცემების გაცვლა ხდება ის დაშიფრულია და ხილული არ არის” – განაცხადა ქარჩავამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები