“ხალხის ესოდენ მაღალ ნდობას ძალიან ვაფასებთ და კიდევ ერთხელ ვიძლევით პირობას, რომ ამ ნდობის გასამართლებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ” – ირაკლი კობახიძე

“საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო თითქმის 1,200,000-მა ამომრჩეველმა, რაც, პრინციპულად, თანხვედრაშია 2014 და 2017 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობის მაჩვენებლებთან”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს.

როგორც კობახიძე განმარტავს, საარჩევნო შტაბების მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის სახელით, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც უკვე გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. ამასთან, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. თითოეული ამომრჩევლის ხმას შეაქვს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ქვეყნის და თითოეული მუნიციპალიტეტის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებაში.
მოხარული ვართ, რომ არჩევნები ტარდება მშვიდ ვითარებაში. ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა, მშვიდად, ყოველგვარი სახის ზეწოლისგან და ზემოქმედებისგან თავისუფალ გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი.
გაცნობებთ, რომ ჩვენი საარჩევნო შტაბების მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში. მეტიც, ჩვენი საარჩევნო შტაბების მონაცემებით, უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში, ფიქსირდება 70 პროცენტზე მაღალი შედეგი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.
ხალხის ესოდენ მაღალ ნდობას ძალიან ვაფასებთ და კიდევ ერთხელ ვიძლევით პირობას, რომ ამ ნდობის გასამართლებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ”, – აცხადებს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები