ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა. საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ენგურჰესის” თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ასევე მთავრობის და პარლამენტის წევრებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის, ენერგეტიკის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკის სექტორის თანამშრომლებს და დამსახურებულ ენერგეტიკოსებს მადლობა გადაუხადა დარგის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, სიმბოლურია, რომ ენერგეტიკოსის დღე სწორედ ენგურჰესის – ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტის სივრცეში აღინიშნა.
„ენგურჰესი, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს ატარებს, წარმოადგენს ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან ტექნიკურ ნაგებობას, რაც კი საქართველოში აშენებულა. საქართველოში ტექნიკურ მეცნიერებათა, ინჟინერიის, თუ ჰიდროინჟინერიის სკოლა საუკუნეზე მეტს ითვლის და ქვეყნის აღმშენებლობაში წვლილი ტექნიკოს-მეცნიერთა არაერთ თაობას აქვს შეტანილი. ენერგეტიკა საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, ხოლო ენგურჰესი ჩვენი ენერგეტიკის გულია – ამ გულის ნაწილი აფხაზეთში მდებარეობს და წლების განმავლობაში ჩვენს ოკუპირებულ მიწასთან დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ასრულებდა. მომავალშიც ენგურჰესი შეასრულებს უმთავრეს როლს ყველა სხვა ჩატეხილი ხიდის გამთლიანების საქმეში”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ენერგოსისტემის საფუძველი მე-20 საუკუნეში ჩაიყარა და ის ბევრად დიდი, მასშტაბური ენერგოსისტემის ნაწილი იყო, გასული სამი ათეული წლის განმავლობაში კი ქვეყანა უდიდესი ძალისხმევით ცდილობს, მოპოვებული დამოუკიდებლობის მატერიალურ უზრუნველყოფას საკუთარი ეკონომიკით, საფინანსო პოლიტიკით და ენერგეტიკით. მინისტრის შეფასებით, გარკვეული წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველომ შეძლო სუვერენული ეკონომიკური სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვა.
„ცხადია, რომ ენერგეტიკაც, ეკონომიკაც და ქვეყნის დამოუკიდებლობაც ვერ იარსებებს იზოლირებულად და სამეზობლოს აქტიურ თანამშრომლობაზე აგებული პარტნიორული ურთიერთობის ნაწილი ვართ, მაგრამ საქართველომ შეძლო საკუთარი, დამოუკიდებელი, სუვერენული ეკონომიკური სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვა. საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ეკონომიკური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს სისუსტეში დაინტერესებული არაერთი ძალა თუ ავტორი ჩვენი ეროვნული ინტერესის რეალიზებაში ხელის შეშლას შეეცდება. ამის მაგალითები ბევრი გვაქვს და ალბათ ყველაზე თვალსაჩინოა ის წინააღმდეგობა, რასაც ენერგეტიკის და ყველაზე მეტად ჰიდროენერგეტიკის განვითარებაში ვხედავთ”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო წყალუხვი და მთაგორიანი ქვეყანაა, რაც შესაძლებელს ხდის ჰიდრორესურსების გონივრულად და მოგებიანად გამოყენებას – იმ ქვეყნების მსგავსად, რომლებმაც ეს ბუნებრივი სიმდიდრე თავიანთ კეთილდღეობას დაუდეს საფუძვლად. მინისტრის განცხადებით, ერთიანი და ძლიერი სახელმწიფოს შენების პროცესში უპირველესი სწორედ ქვეყნის ეროვნული ინტერესი იქნება.
„ჩვენი სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით და ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად ვიზრუნებთ, რომ თითოეულ სწორ პროექტსა და სწორ ინვესტორს, რომელიც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისკენ მიმავალ გზაზე”, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ტრადიციულად, ენერგეტიკის დარგის ღვაწლმოსილი თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა – სიგელები და სიმბოლური საჩუქრები წელს 16 ენერგეტიკოსს გადაეცა. „ყველა ის ადამიანი, რომელიც აქამდე დაჯილდოვებულა, დღეს ან მომავალში დაჯილდოვდება, ასევე წარმოადგენს საქართველოს სიმდიდრეს და ძალას”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.