კახა კალაძე ბრიუსელში „ლელოს“ ვიზიტზე: საქართველოსთვის სასიკეთოდ რომ არ მიდიან, ეგ ცხადია
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერების ბრიუსელში ვიზიტის მიზანი მისთვის ცნობილი არ არის, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ ისინი „საქართველოსთვის სასიკეთოდ არ მიდიან,“ – ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს, შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.
„არ ვიცი მათი მიზნები, საქართველოსთვის სასიკეთოდ რომ არ მიდიან, ეგ ცხადია. ეს ადამიანები ვერ მალავენ თუნდაც თავიანთ ქმედებებს იმასთან დაკავშირებით, რომ იბრძოდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ქართველებს შეეზღუდოთ უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა ევროპულ ქვეყნებში. არაერთი განცხადება იქნა გაკეთებული, მოწოდებებსაც კი აკეთებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ დროულად მიიღონ გადაწყვეტილება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ და ჩამოგვართვან ეგ შესაძლებლობა. მანამდეც გახსოვთ, რომ როდესაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იყო საუბარი, კაბინეტებში დარბოდნენ, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. ეს არის ჩვეულებრივი აგენტურული ქსელი, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს ამ ქვეყნის ბედი, ქვეყნის მომავალი. ისინი იკვებებიან გარედან, ჰყავთ თავიანთი პატრონები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ზოგიერთი უცხოელი დიპლომატი პირდაპირ არის ჩართული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში.
„მათმა პატრონებმა ყველაზე უკეთ იციან, თუ რა ხდება ქვეყანაში, თუ როგორი გაუბედურებული და „გაფარჩაკებულია“ ოპოზიცია, თუმცა ამას ოპოზიციასაც ვერ დავარქმევთ, ესენი არიან აგენტურის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, მითითებებს იღებენ, შემთხვევით კი არ დადიან საელჩოებში, ზოგიერთი წარმომადგენელი რამდენიმე დღის წინ რომ გამოიჭირეს. დააკვირდით ასევე დიპლომატებს, პირდაპირ ჩართულები არიან პოლიტიკურ პროცესებში უცხოელი დიპლომატები, თავიანთი პოლიტიკური განცხადებებით. წარმოუდგენელია. არავითარი კავშირი არ აქვს ამას დიპლომატიასთან“, – განაცხადა მერმა.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ვიზიტს აშშ-ში და კონგრესმენ ჯო ვილსონის თანმხვედრ განცხადებას, კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული ამერიკელი პოლიტიკოსი ფულს იღებს იმაში, რომ „სისულელეები წეროს“.
„აღნიშნული პიროვნება 80 ათასი დოლარის სანაცვლოდ კადრულობს ყველაფერს, წერს ყველანაირ სისულელეს, რომელიც დაფუძნებულია სიცრუეზე და გაჯერებულია ცილისწამებით. 80 ათასი დოლარი აიღო ადამიანმა, რომ ასეთი სისულელეები წეროს“, – განაცხადა კახა კალაძემ.