დაიბადა სამეგრელოში, ზუგდიდში. სკოლა იქ დაამთავრა. შემდეგ (ჩავირიცხე სამედიცინო უნივერსიტეტში.
ცხოვრობს თბილისში. პროფესიით ექიმია. მუშაობს კოლეჯ „იკაროსში“. „პირველადი გადაუდებელი დახმარების“ მოდულს ასწავლის სტუდენტებს./
ამბობს, რომ ხატვა ჰობია, რომელიც სულ რაღაც ათიოდე წელია გაითავისა და ძალიან ულამაზებს სამყაროს.
ხატავს პეიზაჟებს, ნატურმორტებს, პორტრეტებს… მონაწილეობს გამოფენებში, ჰქონდა ერთი პერსონალური გამოფენა. – ექიმისა და თვითნასწავლი მხატვრის როზა (კუსა) ჯალაღონიას პერსონა.
– ბავშვობა სამეგრელოში გავატარე. ოჯახის პირველი ნებიერა შვილი ვიყავი, ხშირად მოავადე და ყველა ჩემი სურვილი იყო შესრულებული. ვერ გეტყვით, რომ ამით არ ვსარგებლობდი და ძალიანაც მომწონდა ჩემი მდგომარეობა, ალბათ ამიტომ დიდი სიხარულით ვერ მივიღე 6 წლის შემდეგ დაბადებული ჩემი ძმა და ამ პატარა ბავშვის მაშინდელი განწყობის დღემდე მრცხვენია. აქამდე ვცდილობ ამის საპირწონე პასუხისმგებლობა დავდო ძმის წინაშე. საერთო ჯამში, მართლა კარგი, ლაღი და თავისუფალი ბავშვობა მქონდა.
– რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა?
– ვერ გეტყვით, რატომ გადავწყვიტე, მაგრამ ჩემი სურვილი იყო, ოჯახის წევრები მეწინააღმდეგებოდნენ კიდევაც. მოგეხსენებათ, მაშინ ხალხი წლობით აბარებდა და ამ ბრძოლისთვის არ ვემეტებოდით, მაგრამ გამიმართლა და მალევე აღმოვჩნდი სამედიცინოს სტუდენტი, რასაც დღემდე არ ვნანობ.
მიუხედავად იმისა, რომ იმ ავბედით 90-იანებში ჩემი კარიერისთვის ბრძოლა გამიჭირდა და დიდ კლინიცისტად ვერ შევდექი, იმდენად მიყვარდა ჩემი პროფესია, მთელი ენერგია და მონდომება ჩავდე შვილის განათლებასა და აღზრდაში. მიხარია, რომ დღეს ის წარმატებული ექიმია, თითქოს ჩემო გულნაკლულობა ამ კუთხით ასე შევავსე. კლინიკური ორდინატურის დამთავრების შემდეგ პირველ სამედიცინო სასწავლებელში ვუძღვებოდი თერაპიის კურსს, ახლა კი კოლეჯ „იკაროსში“ პირველადი გადაუდებელი დახმარების მოდულს ვუკითხავ ტურიზმის მიმართულების სტუდენტებს.
– ათიოდე წელია, ხატავთ. რამდენად დიდ როლს ასრულებს ამ დროს განწყობა?
– ეს პროცესი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთ რამეში გამოგიტყდებით, თუ ცუდი განწყობა მაქგს, ვერ ვხატავ. ის, რომ მე ფერწერით სიმშვიდეს ვპოულობ, ვერ ვიტყვი, პირიქით, როცა თავს კარგად ვგრძნობ, მაშინ მივიჩქარი, რომ ტილოზე გადმოვიტანო ჩემი ემოცია, ალბათ ეტყობა კიდეც ეს ჩემს ნახატებს
– შთაგონება?
– უკვე ვთქვი, არანაირი შთაგონება, განწყობა მჭირდება, დავჯდები მოლბერტთან და მერე თითქოს თავისით იხატება…
– თან მუშაობთ, თან ხატავთ….
– ვმუშაობ კვირაში სამ დღეს. მეოთხე დღეს შვილები მსტუმრობენ და მათ ეთმობა, დარჩენილი სამი დღე ვუთავსებ ერთმანეთს ხატვას და სახლში საქმიანობას, თან მეგობრებსაც ვერ ვტოვებ უყურადღებოდ. ამიტომ დიდად პროდუქტიული ვერ ვარ.
– რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით, საინტერესო ისტორიით?
– ზოგადად თავისუფლების მოყვარე ვარ, აი ეს ნამუშევარიც ექსპრომტად შეიქმნა „ჯენზი თაობის“ პროტესტის დროს, რაღაც ჩემეული იყო და ჩემს სულს ეხმიანება, შინაგანად რევოლუციონერი ვარ, ამიტომაც მიყვარს ეს ნახატი ყველაზე მეტად.
– პირველი შემფასებლები?
– ჩემი მეგობრები, განსაკუთრებით ერთი, რომელიც ყოველი კვირის ნამუშევარს მიფასებს, შენიშვნებს მაძლევს და მხოლოდ სოფოს შეფასების მერე გამომაქვს სააშკარაოზე.
– რას ნიშნავს ხატვა თქვენთვის?
– ამაზე არ მიფიქრია ერთგვარი რეაბილიტაციის ცენტრია, სადაც წლებისგან გახუნებულ ფერებს ისევ თავიდან ვუბრუნებ სიკაშკაშეს.
– მდიდარი და მრავალფეროვანი თემატიკა, ფერთა პალიტრით, ნათელი, თბილი ფერები… წინასწარ იცით, რა უნდა დახატოთ თუ ხატვის პროცესში იძენს ნახატი სრულყოფას?
– არასდროს ვიცი, რას ვხატავ. თვითონ პროცესი მიკარნახებს – რა და როგორ.
– ოჯახი. გაგვაცანით. როგორი დამოკიდებულება აქვთ თქვენი შემოქმედებისადმი?
– მყავს მეუღლე და ორი შვილი. ბიჭი წარმატებული ექიმია, გოგონა ძიებაშია, შემოქმედებითი უნარებითაა სავსე, ამჟამად ერთ-ერთი კომპანიის პიარია. ორივე დაოჯახებულია, მყავს არაჩვეულებრივი რძალი და სიძე, გოგოსგან შვილიშვილი ლიტა.
ოჯახი, რა თქმა უნდა, მხარს მიჭერს, ცდილობენ, პრობლემებით არ დამტვირთონ, რასაც ძალიან ვაფასებ.
– ჰობი…
– ჰობი… თუ უკვე მეორე პროფესია, არ ვიცი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაყიდვები დავიწყე და ერთგვარი შემოსავლის წყაროც გახდა სიამოვნებასთან ერთად.
– გამოფენები. სამომავლო გეგმები…
– წლების წინ, კოვიდამდე მქონდა პერსონალური გამოფენა, ბოლო წლებში მხატვართა სამყაროს ჯგუფურ გამოფენებში ვმონაწილეობ, რომელიც უკვე ვგრძნობ, მომბეზრდა, არ ვიცი, ჩემთვის დიდი სტიმულია, როცა იყიდება, როგორც კი ერთი ნახატი ჩამოიხსნება კედლიდან, მაშინვე ვიწყებ შევსებას. მინდა პერსონალურზე ვიფიქრო, მაგრამ ამას დრო და ძალისხმევა სჭირდება. ვნახოთ.
თამარ შაიშმელაშვილი