პაპუნა კერესელიძე – 20 ივნისის საქმეზე: საგამოძიებო ექსპერიმენტში, დღეის მონაცემებით, მონაწილეობა მიღებული აქვს 33 დაზარალებულს
20 ივნისის საქმეზე, საგამოძიებო მოქმედებები რუსთაველის გამზირზე გრძელდება.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებლის, პაპუნა კერესელიძის განცხადებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებიდან დღემდე, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა სულ 33-მა დაზარალებულმა მიიღო.
“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციის გათვალისწინებით, იმავდროულად, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად, საგამოძიებო ექსპერიმენტში, დღეის მონაცემებით, მონაწილეობა მიღებული აქვს 33 დაზარალებულს.
საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღეს დაზარალებულებმა, თბილისის პროკურატურის გამომძიებლებთან და ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება მიზნად ისახავს, როგორც ინდივიდუალურად, დაზარალებულთან მიმართებით სურათის აღდგენას, თუ რა ვითარებაში მიიღო მან დაზიანება, აგრეთვე მიზნად ისახავს აქციის მიმდინარეობის სრული სურათის აღდგენას. თავის მხრივ, შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირებას”, – განაცხადა პაპუნა კერესელიძემ.