ნათია თურნავა – მიმდინარე წელს ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს
“მიმდინარე წელს ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ შესყიდვები აქტიურად ხორციელდება და სტატისტიკას ყოველი თვის ბოლოს ვაქვეყნებთ. რეზერვების ყიდვამ წელს უკვე გადააჭარბა შარშანდელ გაყიდვებს და 2025 წლის მაისის მონაცემებით, საქართველოს ოფიციალური სარეზერვო აქტივების მოცულობა 4.6 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება დღეის მდგომარეობით წმინდა შესყიდვების სტატისტიკას, შემიძლია გითხრათ, აღნიშნულმა მონაცემმა გასული წლის წმინდა გაყიდვები სრულად დააბალანსა,” – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, საქართველოს პარლამენტში 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია და ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზეა მიმართული.
„სებ-მა სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია განახორციელა და 2024 წლის მარტში ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ოქრო შეიძინა. აქვე აღვნიშნავ, რომ ოქროს ფასი გლობალურად მნიშვნელოვნად გაზრდილია, მაისის მდგომარეობით ჩვენი ოქროს ღირებულება შეძენის თარიღთან შედარებით 252.1 მილიონით არის გაზრდილი. ეს ფაქტი ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს,” – აღნიშნა ნათია თურნავამ.