ხობის მუნიციპალიტეტში 4,7 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“, სამეგრელოში, სადრენაჟე სისტემების მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპლუატაციის ღონისძიებები ხობის მუნიციპალიტეტში ხობი-უტორას დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.
სოფლების ხეთისა და პირველი მაისის ტერიტორიაზე, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან, 4,7 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოები არხებში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდას უზრუნველყოფს.
სადრენაჟე არხების გაწმენდით სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია აგვისტოში დაასრულებს.
აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში სამეგრელოში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია 12 400 ჰექტარი მიწის ფართობი, ხოლო ჭარბი წყლის მოცილების სამუშაოები 10 170 ჰექტარ მიწის ფართობზე განხორციელდა.