“ახალ ზოოპარკში საფარის ტიპის ვოლიერი იქნება, შიგნით სპეციალური ტრანსპორტით გადაადგილება იქნება შესაძლებელი, დამთვალიერებლები ცხოველებს ახლო კონტაქტში ნახავენ” – ზურაბ გურიელიძე
“თბილისის ახალ ზოოპარკში საფარის ტიპის ვოლიერი იქნება, ეს ნიშნავს, რომ შიგნით სპეციალური ტრანსპორტით გადაადგილება იქნება შესაძლებელი, დამთვალიერებლები ცხოველებს ახლო კონტაქტში ნახავენ”,- ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ზოოპარკში კავკასიის და აფრიკის ექსპოზიცია იქნება.
“არის ბიოგეოგრაფიული მიდგომა და პირველ ეტაპზე ჩვენ ვაპირებდით, კავკასიის და აფრიკის ექსპოზიცია გაგვეხსნა. ამ ეტაპზე, ალბათ პირველად კავკასიას გავხსნით, მხოლოდ იმიტომ, რომ აფრიკისთვის ჯერ ყველაფერი დასამთავრებელია. ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, რაც ცხოველებისთვისაა აუცილებელი, უკვე აშენებული, მაგრამ დასამთავრებელია.
დაემატება საფარის ტიპის ვოლიერი, ეს ნიშნავს, რომ შიგნით სპეციალური ტრანსპორტით გადაადგილება იქნება შესაძლებელი, დამთვალიერებლები ამ ცხოველებს ახლო კონტაქტში ნახავენ, მაგრამ აქამდე ჯერ უნდა მივიდეთ, იმიტომ, რომ წელს ნამდვილად ვერ მოვასწრებთ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპოზიცია სწორედ კავკასია იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან საინტერესო რეგიონში ვცხოვრობთ, ამ შემთხვევაში ბიომრავალფეროვნებას ვგულისხმობ. კავკასია ბიომრავალფეროვნების მსოფლიო 35 წერტილიდან ერთ-ერთია, რაც იმას ნიშნავს, თუ რამხელა პრიორიტეტი ენიჭება მის კონსერვაციას. ცხელი წერტილი ნიშნავს იმას, რომ აქ საკმაოდ მაღალი მრავალფეროვნებაა და ამავე დროს მაღალი საფრთხეებია. სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ძალიან საინტერესო ცხოველები გვყავს, ძალიან ბევრის არსებობის შესახებ არც კი სმენიათ. აი, მაგალითად ძალიან ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში გავრცელებული იყო, მაგალითად, დომბა. ეს არის ევროპული ბიზონი, რომელიც საქართველოში გავრცელებული იყო, ახლა გადაშენებულია. ჩვენ მათ აღდგენაზე ვმუშაობთ. უამრავი ასეთი ცხოველია” – განაცხადა გურიელიძემ.
მისივე თქმით, თბილისის ახალ ზოოპარკში, ახალი სახეობის ცხოველების ჩამოყვანა იგეგმება, მათ შორის არიან : ჟირაფები, ანტილოპები, მარტორქები, ბეჰემოთები, აფრიკული კამეჩები.