Courtyard by Marriott Batumi-„ზაფხულის სეზონზე ნომრების 70% უკვე დაჯავშნილია“
ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურად დაიწყო, როგორც სასტუმრო Courtyard by Marriott Batumi-ს მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი მაია წერეთელი აცხადებს, მოლოდინები პოზიტიურია. მისი თქმით, წელს განსაკუთრებით გააქტიურდა შიდა ბაზარი, რაც გავლენას ახდენს ჯავშნების სტრუქტურაზეც:
„სასტუმრო Courtyard by Marriott Batumi-ში ჯავშნების 70% უკვე დაჯავშნილია. სეზონი კარგად დაიწყო – ნომრების დიდი ნაწილი უკვე დაჯავშნილია. ადრე ძირითადად საერთაშორისო ბაზრები დომინირებდა – ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები და ევროპა. ახლა კი შაბათ-კვირას შიდა ბაზრის წილი საგრძნობლად გაიზარდა, რაც პოზიტიური ტენდენციაა ქვეყნის ეკონომიკისთვისაც“-აღნიშნავს მაია წერეთელი.
მოთხოვნის ზრდის ფონზე სასტუმრო ფასების გადახედვაზეც გადავიდა. მაღალი სეზონის დარჩენილი ნომრები 20%-ით უფრო მაღალ ფასად გაიყიდება.
„ამჟამად გვაქვს ფუფუნება, დარჩენილ ნომრებზე ფასები გავზარდოთ. ტუროპერატორებისთვის ფასი უცვლელი რჩება, რადგან წინასწარ იყიდეს დიდი მოცულობით. დანარჩენი ნომრები კი ზაფხულის განმავლობაში მხოლოდ ბაზარზე გამოცხადებული ფასით გაიყიდება“-ამბობს McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი.
მაია წერეთლის თქმით, აჭარაში სასტუმროებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია, განსაკუთრებით ინდივიდუალური მოგზაურების მხრიდან.
„ყოველდღიურად ვაკვირდებით მონაცემებს არაერთი მაღალი კლასის სასტუმროდან და ცხადია, რომ დატვირთულობა იზრდება არა მხოლოდ დიდ, არამედ მცირე ზომის სასტუმროებშიც. განსაკუთრებით დაემატა ფრენები ახალი ბაზრებიდან, რაც ახალ ტურისტულ ნაკადს ქმნის“-ამბობს McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი.