მაჭავარიანი – „დიფ სთეითთან“ ბრძოლაზე: ეს მოძრაობა ბატონ დონალდ ტრამპს დაწყებული აქვს და ჩვენ ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ ის ამ ბრძოლას გამარჯვებამდე მიიყვანს
“ეს მოძრაობა ბატონ დონალდ ტრამპს დაწყებული აქვს და ჩვენ ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ იგი ამ ბრძოლას გამარჯვებამდე მიიყვანს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, „დღის ქრონიკაში“, „დიფ სთეითთან“ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბრძოლაზე საუბრისას განაცხადა.
„ბატონი დონალდ ტრამპი ღია ბრძოლაში არის არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობასთან, ვისაც იგი „დიფ სთეითს“ უწოდებს, შეიძლება, ჩვენ „გლობალური ომის პარტია“ დავუძახოთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ერთი და იგივე ძალებზეა საუბარი. ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა დროში მოახერხებს იგი ამ ძალების დამარცხებას, მაგრამ ეს დამარცხება რომ ახლო პერსპექტივა არ არის, ეს ყველამ კარგად ვიცით. პირველ ეტაპზე მინიმუმ ამ ძალების გავლენების შესუსტებაზეა საუბარი.
ამასთან დაკავშირებით რაღაც კონკრეტული ნაბიჯები რა თქმა უნდა, იდგმება. ჩვენ ვხედავთ, რომ ოვალური ოფისის დაკავებისთანავე მან ძალიან ბევრ განკარგულებას ხელი მოაწერა, იგი ბიუროკრატიის გაწმენდას ცდილობს არაფორმალური მმართველობის აგენტებისგან.
არ შემიძლია, არ აღვნიშნო ის ნაბიჯები, რაც მან გადადგა, მაგალითად USAID-თან, NED-თან მიმართებით, რომლებიც ამ ძალების ხელში ძალიან სერიოზული ინსტრუმენტები იყო. ჩვენმა ქვეყანამ ეს ძალიან კარგად იგრძნო, როდესაც ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით ვსაუბრობდით სამი წლის განმავლობაში, თუ რამდენად სახიფათო იყო მათი მხრიდან დაფინანსებული პროექტები. რა თქმა უნდა, კარგსაც აფინანსებდნენ, ვინაიდან „რბილი ძალა“ ასე მოქმედებს – ჯერ ნდობაში უნდა შევიდეს საზოგადოებასთან. თუმცა, ჩვენი ქვეყნისთვის ძირის გამომთხრელი უამრავი სამუშაო აქვს დაფინანსებული კონკრეტულად ამ ინსტიტუტებს. ის რევოლუციური სცენარები, თავსმოხვეული ის პროპაგანდა, რომელიც აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ქვეყნის იდენტობასთან.
შესაბამისად, ეს მოძრაობა ბატონ დონალდ ტრამპს დაწყებული აქვს და ჩვენ ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ იგი ამ ბრძოლას გამარჯვებამდე მიიყვანს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.