შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ ბრიუსელი უფრო ემალება პრობლემებს და თვალს არ უსწორებს, როგორც ეს გააკეთა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ; ბრიუსელმა კარგად იცის, რაც არის გასაკეთებელი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და ჩვენ ველით ამ ნაბიჯებს

“ვხედავთ, რომ ბრიუსელი უფრო ემალება პრობლემებს და თვალს არ უსწორებს, როგორც ეს გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, რაც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა საგარეო დახმარების გამოყენების მავნე პრაქტიკა, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა მოლოდინი, რომ ევროკავშირიც კრიტიკულად შეხედავდა იმას, თუ როგორ იყო ჩართული საქართველოში სხვადასხვა მავნე პროცესების დაფინანსებაში.

„რაც შეეხება ურთიერთობებს ევროკავშირთან, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ბრიუსელში ძალიან კარგად იციან თუ რა დამოკიდებულება აქვს ქართველ ხალხს, რა პრეტენზიები აქვს ქართველ ხალხს ბრიუსელის მიმართ, ამიტომ ბრიუსელმა ძალიან კარგად იცის რა არის გასაკეთებელი. გასაკეთებელია ის, რომ უპირველეს ყოვლისა არ მოხდეს საქართველოში ევროკავშირის ბიუჯეტიდან ძალადობის, პროპაგანდის, ზიზღის ენის დაფინანსება, არ მოხდეს არჩევნებში ჩარევა, რასაც ჩვენ სამწუხაროდ ვხედავდით. ზუსტად ამის მიმართ აქვს ქართველ ხალხს საკუთარი პრეტენზიები, ამიტომ ბრიუსელმა ძალიან კარგად იცის, რაც არის გასაკეთებელი ამ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და ჩვენ ველით შესაბამის ნაბიჯებს.

მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა საგარეო დახმარების გამოყენების მავნე პრაქტიკა, ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ევროკავშირიც კრიტიკულად შეხედავდა იმას თუ როგორ იყო ჩართული სხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოში სხვადასხვა მავნე პროცესების დაფინანსებაში ევროკავშირის ფული. ჩვენ შემთხვევით ვიგებდით ხოლმე, რომ მაგალითად „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანია ფინანსდებოდა ევროკავშირიდან, ვიგებდით, რომ რადიკალური პარტიები ფინანსდებოდა ევროკავშირის ბიუჯეტიდან, რაც კანონითაც არის აკრძალული. ვხედავდით, რომ პროპაგანდისტული მედია ფინანსდებოდა ევროკავშირის მხრიდან. ვხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ხელფასს იღებენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ვგულისხმობ სხვადასხვა ენჯეო- აქტივს სიძულვილის ენას და ზიზღს ავრცელებენ და ცდილობენ დააპირისპირონ ადამიანები ერთმანეთს.ამ ყველაფერს სჭირდება კრიტიკული გაანალიზება ბრიუსელის მხრიდან და ამას მოელის ქართველი ხალხი ბრიუსელისგან. ეს ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ ბრიუსელმა შეძლოს ქართველ ხალხთან ურთიერთობის დაბრუნება იმ კალაპოტში, რომელიც ჩვენი მოლოდინი არის. თუმცა სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ამ მხრივ გადამწყვეტ ნაბიჯებს. ვხედავთ, რომ უფრო ემალება ბრიუსელი იმ პრობლემებს და თვალს არ უსწორებს, როგორც ეს გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ. თუმცა რაც არ უნდა მალოს, ჭირი თავს არ დამამალავს და რა თქმა უნდა ის მავნე პრაქტიკები, რომელიც არსებობდა საბოლოო ჯამში თავს იჩენს ხოლმე და აზიანებს თავად ევროკავშირის რეპუტაციას, მათ შორის ქართველი ხალხის თვალში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები