გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობა“ მაინც აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას
„მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ აღარ არის 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლებაში, მაინც აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კომისიაზე ყველა მიმართულებით ვიბარებთ ადამიანებს, რომლებიც დაზარალებულები არიან, ზოგი ფიზიკურად, ზოგი ფსიქოლოგიურად.
„ჩვენ [პარლამენტის საგამოძიებო] კომისიაზე ყველა მიმართულებით ვიბარებთ ადამიანებს, რომლებიც დაზარალებულები არიან, ზოგი ფიზიკურად, ზოგი ფსიქოლოგიურად, ზოგს ქონება აქვს წართმეული და ბევრი მათგანი ისეთ ახსნა-განმარტებებს იძლევა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სახე მორიგ ჯერზე ჟღერდება, როგორც მოძალადე რეჟიმი. მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობა“ აღარ არის 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლებაში, მაინც აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას როგორც უცხოეთიდან, ისე საქართველოდან და რაც მთავარია ამის არც ეშინია, არც ეთაკილება. პირიქით, ამაყობს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დღეს მორიგ სხდომას ჩაატარებს.