დავით მათიკაშვილი – ვანო ჩხიკვაძეზე: ამ ადამიანის სურვილია ჩვენი ქვეყანა დაზიანდეს
„სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებას მრავალჯერ აქვს ეს ყველაფერი ნანახი. იყვნენ ორჯონიკიძეები, დღეს კი ეს პირები არიან,“ – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ვანო ჩხიკვაძის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მოთხოვნას.
„ზოგი ისპაჰანში გარბოდა, იმისთვის რომ ეღალატა ჩვენი ქვეყნისთვის, ზოგი მოსკოვში, ამ შემთხვევაში კი ვხედავთ ადამიანს, რომლის სურვილიც არის, რომ ჩვენი ქვეყანა დაზიანდეს, ჩემი ქვეყნის მოსახლეობა დაზიანდეს და ის პირდაპირ ამ ყველაფერს ითხოვს თავისი დავალების მიმცემებისგან. თუმცა, ისევე როგორც ვერ განხორციელდა ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, ასევე ფუჭი იქნება ეს მოღალატეობრივი ქმედება“, – აცხადებს მათიკაშვილი.
ცნობისთვის, ვანო ჩხიკვაძე ბრიუსელს ზომების მიღებას სთხოვს, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.