პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ როინ შავაძის მკვლელობისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმეები განიხილა
2003 – 2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ორი საკითხი განიხილა. თუმცა, მანამდე კომისიის წევრებმა გადაწყვიტეს, საპარლამენტო უმრავლესობასა და პარლამენტს მიმართონ, კომისიის მუშაობის ვადის ერთი თვით გაგრძელების თაობაზე იმსჯელონ.
„გთავაზობთ, მივმართოთ საქართველოს პარლამენტს, რომ ჩვენი უფლებამოსილების ვადა არა 5 მაისს, არამედ 5 ივნისს ამოიწუროს, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ ჩვენი სამუშაო თემები მოცულობითია, სულ ახლახან ჩვენი კომისიის უფლებამოსილება ქრონოლოგიურადაც გაფართოვდა – 2012-2024 წლებში მომხდარი სხვადასხვა ფაქტის შეფასებაც დაგვემატა. ვფიქრობ, რომ ყოველივე ეს მოითხოვს, მინიმუმ 1 თვით გაგვიგრძელდეს მუშაობის ვადა”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, კომისიისთვის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში, კომისია სექტემბერში, საშემოდგომო სესიის პირველ კვირებში პლენარულ სხდომაზე დასკვნას წარადგენს, სადაც ღია განხილვა გაიმართება.
როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, კომისიის დასკვნაზე მუშაობა დაწყებულია, რომელიც ხუთი თავისგან შედგება. მისივე განმარტებით, ხუთივე თავი იმ ხუთ თემას შეესაბამება, რომელიც პარლამენტმა კომისიას უფლებამოსილების ფარგლებში განუსაზღვრა. ეს თემებია: 2008 წლის აგვისტოს ომის კვლევა; მკვლელობები, წამება და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები; პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევის უხეში ფაქტები; ბიზნესის რეკეტი და ქონებრივი საკუთრების უფლებების დარღვევისა და მედია თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, დასკვნის შესავალ ნაწილში მიმოხილული იქნება, თუ როგორ მოვიდა წინა ხელისუფლება ხელისუფლების სათავეში.
„შევეხებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც კარგად არის ახსნილი, რომ მათ ხელისუფლებაში მოსვლისას დაარღვიეს კანონი და გააყალბეს არჩევნები. შესავალ ნაწილში შევეხებით არასამთავრობო ორგანიზაციების როლსაც და აღვწერთ, ვინ და როგორ მოვიდა ხელისუფლებაში”, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.
კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტს ექნება დასკვნითი ნაწილიც და რეკომენდაციებიც.
„თავად დასკვნა იქნება ის ისტორიული დოკუმენტი, სადაც ერთ ადგილას თავმოყრილი იქნება თითქმის ყველაფერი იმის შესახებ, თუ ვინ და როგორ მართავდა სახელმწიფოს იმ წლებში. ამ დოკუმენტის დასკვნითი ნაწილი იმდენად არის მნიშვნელოვანი, რომ მას მომავალში უნდა დაეყრდნოს ყველა ის სამართლებრივი პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს მოცემული ძალადობის და უკანონობის ავტორთა – პოლიტიკური თანამდებობის პირების პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაბმის თუ ყოფნის აკრძალვას. ის პარტიები, სადაც ეს პირები გაწევრიანებული არიან ან პარტიები, რომლებსაც ისინი მომავალში ხელახლა დააფუძნებენ, ვერ იქნებიან პოლიტიკურ ველზე. ეს ასეა და სხვანაირად ვერ იქნება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე დროებით საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტება ციცინო შავაძემ მისცა.
მისი განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომიდან დაბრუნების შემდეგ რამდენიმე დღეში, მისი მეუღლე, როინ შავაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს, აწამეს და დახვრიტეს.
როგორც მან აღნიშნა, როინ შავაძის მკვლელობის შემდეგ, მის ოჯახზე ზეწოლა და მუქარა მუდმივად ხორციელდებოდა – ითხოვდნენ გაჩუმებას, ხელს უშლიდნენ მიცვალებულის დაკრძალვაში და ოჯახის ახლობლებს ჭირისუფალთან მისვლას უკრძალავდნენ.
ციცინო შავაძის მოსაზრებით, როინ შავაძის მკვლელობის მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აგვისტოს ომის დღეებში მთავარსარდლისა და სამხედრო მეთაურების ქმედებების მიმართ მისი კრიტიკული დამოკიდებულება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმეზე კომისიას ახსნა-განმარტება სამმა პირმა: დავით გურგენიძემ, კარლო კოპალიანმა და ნოდარ მუსერიძემ მისცეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, 2006 წელს დაიწყო ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების უკანონო ჩამორთმევა და ეს პროცესი 2008 წელს დასრულდა.
მისი თქმით, 2006 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას წინადადებით უნივერსიტეტში დასავლური ცივილიზაციის პროგრამების შემსწავლელი სამეცნიერო-სამაგისტრო სწავლების ცენტრი შეიქმნა, რომლის ბაზაზეც შემდეგ უკვე შპს „საქართველოს უნივერსიტეტი” დაფუძნდა.
დავით გურგენიძის განცხადებით, სწორედ ცენტრის შექმნის შემდეგ, უნივერსიტეტზე წნეხი დაიწყო. როგორც მან აღნიშნა, საბოლოო ჯამში, მთელი სახელმწიფო აპარატის ჩართულობით და სხვადასხვა გზებით, მათ შორის, კანონმდებლობის შეცვლით, ტექნიკურ უნივერსიტეტს ქონების ნაწილი ჩამოერთვა და გიული ალასანიას „საქართველოს უნივერსიტეტს” გადაეცა.
ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის, კარლო კოპალიანის განცხადებით, საკუთარ უნივერსიტეტს არც ერთი პროფესორი ისე არ მოქცევია, როგორც გიული ალასანია.
„მან გაქურდა ტექნიკური უნივერსიტეტი, რა თქმა უნდა, მისი შვილის, პრეზიდენტ სააკაშვილის ხელშეწყობით – ჯერ გახსნა რამდენიმე აუდიტორიანი ცენტრი, შემდეგ კი თითქმის ნახევარი ქონება წაიღო”, – აღნიშნა ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა.