ირაკლი გოგავა ჩინეთსა და ამერიკას შორის სატარიფო პოლიტიკაზე: ორმაგი დანიშნულება აქვს ამ სატარიფო გამოწვევას – ხელი შეუწყოს ადგილობრივ წარმოებას და შეუთანხმდეს იმპორტიორებს შემოსავლების სხვანაირ გადანაწილებაზე
“ლიბერალური ვაჭრობის პარადიგმა დამთავრდა. 16 ქვეყანასთან არის თავისუფალი ვაჭრობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან უამრავი საქონლის წარმოებას აზრი აქვს თავისუფალი ვაჭრობის გამო”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ, ჩინეთსა და ამერიკას შორის სატარიფო პოლიტიკაზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ამ სატარიფო გამოწვევას ორმაგი დანიშნულება აქვს – ხელი შეუწყოს ადგილობრივ წარმოებას და შეუთანხმდეს იმპორტიორებს შემოსავლების სხვანაირ გადანაწილებაზე.
„ტრამპს უნდა შევხედოთ, მისგან უნდა გადმოვიღოთ ეს პროტექციონისტული ზომები და სეგმენტურად ნაბიჯ-ნაბიჯ გავაკეთოთ. სანამ შემოვიღებთ საბაჟო ტარიფებს, უკვე მზად უნდა გვქონდეს საწარმოები, ინფრასტრუქტურა და მომზადებული კადრები, რომ უკვე გავუშვათ წარმოებები.
ტრამპმა ყველაფერზე შემოიღო ტარიფები, ასე ჩვენთვის არ შეიძლება, მაგრამ მას აქვს ამის ფუფუნება. ახლა დადგა რიგი და ამერიკაში ექსპორტიორ ფირმებთან წავა ცალ-ცალკე მოლაპარაკება. ამერიკის ბაზარი ღირს ფული. ის რომ უშვებს მის ბაზარზე მწარმოებელს, მისგან ელოდება არა მხოლოდ საქონლის შემოტანას და გაყიდვას, არამედ თანხასაც ახდევინებს. ასე იყო წინა ხელისუფლება და ახლა ტრამპს სურს ეს ნაკადები თავის თავზე მიიზიდოს.
ტრანსნაციონალური კორპორაციები მასიურად აფინანსებენ ულტრა ლიბერალურ ღონისძიებებს მსოფლიოს მასშტაბით. ნებისმიერი საერთაშორისო ენჯეო რომ გახსნათ, ყველგან არის ტრანსნაციონალური კორპორაციები გენერალური დონორები, სპონსორები. ამ ფულადი ნაკადების გადამისამართება მოხდება ტრამპისთვის ხელსაყრელი პლატფორმების მისამართზე. ორმაგი დანიშნულება აქვს ამ სატარიფო გამოწვევას. ერთი ის, რომ ხელი შეუწყოს ადგილობრივ წარმოებას და მეორე ის, რომ შეუთანხმდეს იმპორტიორებს შემოსავლების სხვანაირ გადანაწილებაზე. ფული გადაახდევინოს ტარიფების გარდა.
ჩინეთთან უკვე დაიწყო მწვავე კონფლიქტი, ეს არის გლობალური მასშტაბის დაპირისპირება. აქ ტარიფების კორექტირება არაფერს უშველის. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთთან რაღაც ჩარჩო, შეთანხმება მიღწეულია. რუსეთი ჩინეთის წინააღმდეგ არ გამოვა, ის შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტს. ეს ნეიტრალიტეტის პირობა როგორც ჩანს არსებობს“, – აღნიშნა ირაკლი გოგავამ.