მაკა ბოჭორიშვილი – გლობალური გამოწვევები, რომლებიც დღეს ევროპის წინაშეა, ეს ყველაფერი განიხილება „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში და მნიშვნელოვანია, ამ განხილვებში იყოს საქართველოს საკითხები წარმოდგენილი
„გლობალური გამოწვევები, რომლებიც დღეს ევროპის წინაშეა, ეს ყველაფერი განიხილება „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში და მნიშვნელოვანია, ამ განხილვების ფარგლებში იყოს საქართველოს საკითხები წარმოდგენილი,”- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე“ გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ გაჟღერდეს, როგორ უყურებს საქართველო პარტნიორებთან შავი ზღვის გარშემო თანამშრომლობის განვითარებას, განსაკუთრებით ევროკავშირის მიმართულებით, რათა გაიზარდოს შავი ზღვის როლი, ევროპასა და აზიას შორის კავშირების გაღრმავების კონტექსტში.
„ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სწორედ საქართველოს პოზიციონირება შავ ზღვასთან დაკავშირებით. ამასთანავე, იმ უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბარი, რაც დღეს ჩვენ გარშემო არსებობს და უკავშირდება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც იკრიბებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, განსაკუთრებით პოლიტიკოსები, ექსპერტები და ძირითადად მსჯელობენ ეკონომიკურ საკითხებზე, თუმცა, რა თქმა უნდა, განხილვის საკითხი არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. ის დღის წესრიგი, რაც დღეს ევროპის წინაშე დგას.
გლობალური გამოწვევები, რომლებიც დღეს ევროპის წინაშეა, ეს ყველაფერი განიხილება „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში და მნიშვნელოვანია, ამ განხილვების ფარგლებში იყოს საქართველოს საკითხები წარმოდგენილი. ეს იყო კარგი შესაძლებლობა, ჩვენი პარტნიორებისთვის მიგვეწოდებინა და დაგვენახებინა ჩვენი პოზიციები, ხედვები, როგორ ვუყურებთ სწორედ იმ გლობალურ გამოწვევებს, რაც დღეს დგას ევროპის წინაშე და როგორ ვხედავთ ჩვენს როლს ამ მიმართულებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.