“დღევანდელ დღეს ვევედროთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ შევძლოთ ამ საღვთო გზით სიარული, ღვთისმშობლის გზით სიარული და ყველა ღონე ვიხმაროთ, რომ არ გადავუხვიოთ სულის ცხონების გზიდან” – მეუფე შიო

“ამ მოვლენას, რომელსაც დღეს ჩვენ ვზეიმობთ, კაცობრიობა ელოდა მრავალი საუკუნის განმავლობაში; ელოდნენ მხსნელს, რომელიც შეაერთებდა ზეცას და მიწას, რომელიც ასწავლიდა ადამიანებს სიმართლით ცხოვრებას. ეს სიხარული მაცხოვრის შესახებ სამყაროს ეუწყა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეშვეობით”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას ისაუბრა.

“როგორ ეუწყა? – მას გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი და უთხრა, რომ მისგან იშვება ძე, რომელსაც იგი უწოდებს იესოს. ,,როგორ იშვება, როდესაც მან მამაკაცი არ იცის?” – ჰკითხა ყოვლადწმინდა ქალწულმა მთავარანგელოზს. მან მიუგო და აუხსნა, რომ სული წმინდა გადმოვა მასზე და მისგან შობილი იქნება ძე ღვთისა.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, როგორი რწმენა და სიმდაბლე უნდა ჰქონოდა ყოვლადწმინდა ქალწულს, რომ ამ საოცარ სიტყვებზე მან უპასუხა: „აჰა, მხევალი ვარ უფლისა, მეყოს მე შენი სიტყვისამებრ“ (ლკ. 1, 38). აი, ასე გახდა ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი ღვთის დედა.

კაცობრიობის ისტორია ორ ნაწილად იყოფა: ქრისტეს მოსვლამდე და ქრისტეს მოსვლის შემდეგ. ქრისტეს შობამდე ადამიანები ეძებდნენ ღმერთს და ელოდნენ მხსნელის მოსვლას, ემზადებოდნენ ამისთვის საუკეთესო წარმომადგენლები კაცობრიობისა. უფალთან შესახვედრად, მის მოსამზადებლად მათ გაიღეს ყველაფერი საუკეთესო, ყველაზე კარგი, რაც კი შეძლეს – ეს არის ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის პიროვნება.

ქრისტეს შობის შემდეგ კაცობრიობა უკვე იცნობს ღმერთს შეძლებისდაგვარად, რამდენადაც ეს მისთვის შესაძლებელია. ქრისტეს სახარება მიმართულია ყველა ადამიანისკენ, ყველას მოუწოდებს. ეს არის ჭეშმარიტება რწმენაზე, სიყვარულზე, ღმერთზე, სულის ცხონებაზე. ეს ჭეშმარიტება, როგორც ნათქვამია უფლის გამოცხადების წიგნში, დგას ყოველი ადამიანის გულის კართან და აკაკუნებს, მაგრამ ჩვენს გულამდე მიღწევა რთულია, რადგან ზურგს ვაქცევთ და უარს ვეუბნებით ხოლმე მას. უფალი კი მაინც აკაკუნებს და მოგვიწოდებს. უეცრად ხდება ხოლმე, როდესაც ადამიანს გული მოულბება, გონება გაეხსნება და როგორც ღვთისმშობელი, წარმოთქვამს ასეთ სიტყვებს: ,,აჰა, მე ვარ მხევალი ღვთისა, ან მონა ღვთისა, მეყოს მე შენი სიტყვებისამებრ”… და ასე ხდება ადამიანი ღმერთშემოსილი.

ძვირფასო ძმებო და დებო, გავიხედოთ ჩვენ ირგვლივ, რას ჩადიან ადამიანები ქრისტეს გარეშე, რწმენის გარეშე.

ამდენად, ჩვენ წინაშე არის ორი გზა: ერთი გზა არის ღვთისმშობლისა, ყოვლადწმინდა ქალწულის გზა; ეს არის გზა რწმენისა, სიყვარულისა, სიმართლისა და სიწმინდისა. მეორე გზა არის ბოროტების, უსამართლობის, არა წმინდების და ა.შ. ჩვენ რომელ გზას ვირჩევთ, რომელი გზით გვსურს სიარული?!

დღევანდელ დღეს ვევედროთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ შევძლოთ ამ საღვთო გზით სიარული, ღვთისმშობლის გზით სიარული და ყველა ღონე ვიხმაროთ იმისთვის, რომ არ გადავუხვიოთ ამ გზიდან, სულის ცხონების გზიდან. ამ გზაზე ყოველთვის ვადიდოთ ყოვლადწმინდა ქალწული ღვთისმშობელი და ვუგალობდეთ მას: „გიხაროდენ, სახარულევანო! გიხაროდენ, მიმადლებულო! გიხაროდენ, წმიდაო სძალო უსძლოო“. ამინ!

გილოცავთ ხარებას, ღმერთმა მრავალი სიხარული მოგცეთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ!”, – აღნიშნა მეუფემ ქადაგებისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები