სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს – აფლატოქსინ M1-ის რაოდენობა კრიტიკული არ არის
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან აფლატოქსინ M1-ის რაოდენობა კრიტიკული არ არის, რაც დაადასტურეს ჩვენმა წამყვანმა მედიკოსებმა”,- ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა უწყების მიერ შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოში“ (ს/კ 204546553 („სოფლის ნობათი“) ინსპექტირების შედეგებზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.
„ჩვენ, 2016 წლამდე გვქონდა ძველი კანონმდებლობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ გავხდით ასოცირების წევრი, ავიღეთ მსოფლიოში არსებული აფლატოქსინ M1-ის უმაღლესი სტანდარტი 0, 05, 0,5-ის მაგივრად. ეს არის ყველაზე მკაცრი სტანდარტი, რაც შეიძლება იყოს მსოფლიოში“, – აღნიშნა ჩეკურაშვილმა.
ცნობისთვის, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოში“ (ს/კ 204546553 („სოფლის ნობათი“) ინსპექტირების შედეგების შესახებ გუშინ ინფორმაცია გაავრცელა.
მათი განმარტებით, იმპორტირებული რძის 5 ნიმუშში (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა.