პარლამენტის დეპუტატები, რომლებიც გაცდენებით გამოირჩევიან

პარლამენტში გამოუცხადებლობით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლიდერობენ  – პირველ ადგილს გივი თარგამაძე იკავებს

პარლამენტის დეპუტატებს შორის გაცდენილი საათებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე ლიდერობს. მეორე – მესამე ადგილს, 92 სამუშაო საათის გაცდენის გამო, ამავე პარტიის წევრი ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი ინაწილებენ. „კვირის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის იმ წევრთა სიას აქვეყნებს, რომლებიც პარლამენტის სხდომას სისტემატურად აცდენენ.
„ჩვენი დეპუტატები, ანუ საქართველოს პარლამენტის წევრები ხშირად გვეუბნებიან, დღე და ღამე ვმუშაობთ, 24 საათი უკვე აღარ გვყოფნის, თუ შეიძლება, სახელფასო დანამატები მოგვეცითო. ვაძლევთ, განა არ ვაძლევთ, მაგრამ, როგორც ჩანს, გვატყუებენ. ამას წინებზე ვწერდი, თუ როგორ აცდენენ დეპუტატები სასესიო სხდომებს… ვიფიქრე, ჯანდაბას, კომიტეტებში იმუშაონ ნორმალურად, სესიებს თუ გააცდენენ, პულტებზე ხელის დამჭერი მაინც ბევრია, დარბაზს არაფერი დაეტყობა-მეთქი. ახლა ირკვევა, თურმე ესენი საკომიტეტო მოსმენებზეც არ დადიან. მაგალითად, გივია თარგამაძეს, ენა რომ წაუგრძელებია და მაინც ვერაფერს გვაგებინებს, 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის სექტემბრამდე 107 გაცდენა აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ საკომიტეტო მოსმენები თუ სამუშაოები ყოველდღიური არ გახლავთ, გამოდის, ეს ვაჟბატონი საერთოდ არ დადის „გაკვეთილებზე“.
მე პირადად ფეხებზე მკიდია, გივია თარგამაძე სად დადის, მაგრამ, როგორც ვიცი, ხელფასი ამასაც ჩვენი ჯიბიდან ეძლევა. გაცდენების მხრივ მეორე ადგილზეა ლევან ბეჟაშვილი, 92 კალენდარული დღე. ასევე „კარგი“ მაჩვენებელი აქვს გიორგი ღვინიაშვილს – 92 დღე. შემდეგ მოდის პაატა ლეჟავა, ვანის მაჟორიტარი – 91 დღე. ნიკოლოზ ყიფშიძე – 88, გიორგი ვაშაძე  – 87, მარიამ საჯაია –  87 (ეს საერთოდ არ არის საქართველოში, მაგრამ გაცდენები მაინც არ ეთვლება), დავით საყვარელიძე – 86, აკაკი მინაშვილი – 83, ზურაბ ჯაფარიძე – 82, პავლე კუბლაშვილი – 80, ზურაბ ჩილინგარაშვილი – 78, პეტრე ცისკარიშვილი – 78, ნუგზარ წიკლაური – 72, დავით ჭავჭანიძე – 72, ზურაბ მელიქიშვილი – 65, კახაბერ ოქრიაშვილი – 61, კობა ნაყოფია – 59, ვახტანგ ლემონჯავა – 57, კობა სუბელიანი – 57, თინათინ ბოკუჩავა – 55, ჩიორა თაქთაქიშვილი – 53, გიორგი კანდელაკი – 52.  ამის შემდეგ მოდიან „ნაციონალები“ 40-30 გაცდენით.
როგორც უკვე გითხარით, ეს არის მონაცემები 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის სექტემბრამდე. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი, ნიკოლ შადური „ქრონიკასთან“ საუბარში ამბობს, რომ „ნაციონალებმა“ აიწყვეს ცხოვრება, კომიტეტებში საერთოდ აღარ მუშაობენ ხელფასს ბოლო თეთრამდე იღებენ. მათ 2014 წლის სექტემბრიდან განაცხადეს (მას შემდეგ, რაც კომიტეტები თბილისში გადმოვიდა), ჩვენი პარლამენტი ქუთაისშია და აქ არ ვივლით, აღარ ვიმუშავებთო. თქვენ წარმოიდგინეთ, ბუნებაში არსებობენ დეპუტატები, რომლებსაც არც ერთი გაცდენა არ აქვთ. ტაში, ამხანაგებო! ესენი არიან: ვალერი გელაშვილი, შოთა ხაბარელი და ლერი ხაბელოვი. ახლა კი ვთხოვოთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ სამ ადამიანს გამოუწეროს პრემიები. ვალერი გელაშვილს ისედაც ბევრი ფული აქვს, არ გამოვუწეროთ და დაგვრჩება ორი მოჭიდავე. არ დაიჯერებთ, თურმე არიან დეპუტატები, რომლებიც არც ერთ კომიტეტს არ ეკუთვნიან და ბუნებრივია, არც შიდასაპარლამენტო შრომას ეწევიან. ესენი არიან: ბარამიძე გიორგი, ბაქრაძე დავითი, ბობოხიძე აკაკი, გაბაშვილი გიორგი, დუმბაძე მურმანი, კობახიძე მანანა, საგანელიძე დავითი, უსუფაშვილი დავითი. პრინციპში, ესენი მაღალი თანამდებობის პირები არიან და კომიტეტებში მუშაობა არ ეკუთვნით. მაგაზე არ იდარდოთ, თუ ჩვეულებრივ დეპუტატებს კომიტეტებში მუშაობისთვის დამატებითი თანხები ეძლევათ, ამათ სახელფასო სარგოები აქვთ გარანტირებული. მოკლედ, რაც უფრო მეტად ვსწავლობ საპარლამენტო ცხოვრებას, რაც უფრო მეტად ვეცნობი საათივით აწყობილ მის სისტემას, მით უფრო მინდა, სწორედ იქ დავსაქმდე მთელი ჩემი ნათესავებით, მეგობრებით, მეზობლებით და ყველა კეთილისმსურველი ხალხით. ასეთი კარგი სამსახური დედამიწის ზურგზე არ მეგულება!“, – წერს „კვირის ქრონიკა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები