„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმოადგენს რეგიონში ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების ინოვაციურ შესაძლებლობებს, როგორც სტუდენტებისთვის, ისე ეკონომიკური სექტორისთვის“ – ბავარიის საშუალო მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტი
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს თავისი თანამედროვე ინფრასტრუქტურით და ტექნოლოგიური სამეცნიერო პროფილით. ამ მასშტაბური და მომავალზე ორიენტირებული კონცეფციის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს რეგიონში ტექნოლოგიური ჰაბის განვითარება, რომელიც ინოვაციურ შესაძლებლობებს შესთავაზებს როგორც ბიზნეს-კომპანიებს და კერძო სექტორს, ისე სტუდენტებს“ – ამის შესახებ, ბავარიის საშუალო მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტი, ფაბიან ევალდი, ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე წერს.
ფაბიან ევალდი საქართველოში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU), საჯარო ლექცია წაიკითხა. მისი შეფასებით, საქართველო ამჟამად „დინამიკური განვითარების ფაზაში იმყოფება და მნიშვნელოვან ძალისხმევას დებს ევროპული სტანდარტების დანერგვაში“.
ასოციაციის პრეზიდენტს სურვილი აქვს გაააქტიუროს ეკონომიკური, საგანმანათლებლო და ბიზნეს თანამშრომლობა საქართველოსთან, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს “სამეწარმეო უნივერსიტეტის” კონცეფციის განხორციელებას. ამასთან, ბავარიის საშუალო მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა ქალაქ ქუთაისში ბავარიის მუდმივი წარმომადგენლობის შექმნის მიმართ, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ორმხრივ ეკონომიკურ და სამეცნიერო ურთიერთობებს ბავარიასთან.
“პროფესორ გიორგი ხუბუას მიწვევით, დიდი პატივი მქონდა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მაღალი დონის აუდიტორიის წინაშე, წამეკითხა საჯარო ლექცია თემაზე – „ბიზნეს მეტავერსი, (კიბერსივრცე) საერთაშორისო გარემოში“(Business Metaverse im internationalen Umfeld). ლექციას დაესწრნენ,როგორც უნივერსიტეტის პროფესორები, დოქტორანტები, სტუდენტები, ისე ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები“ – აცხადებს ბავარიის საშუალო მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტი.
ფაბიან ევალდი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტმა და მისმა გუნდმა საქართველო წარმოაჩინა , როგორც დიდი ეკონომიკურ-საგანმანათლებლო პოტენციალის ქვეყანა, რომელიც „არის ღია, მიისწრაფვის და აქვს მკაფიოდ გამოხატული ევროპული არჩევანი“.
„ახალდაარსებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განთავსებულია 160 ჰექტარზე, სადაც მომავალში 30.000-მდე სტუდენტის მიღება იგეგმება. გულწრფელ მადლობას ვუხდი რექტორს, რომ ასეთ წარმატებულ, პროგრესულ და საერთაშორისო ღირებულებებზე დაფუძნებულ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის პატივი მერგო. ლექციის დასრულებისთანავე მივიღე განმეორებითი მოწვევა, რომელსაც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. შესაძლოა ჩემი მომდევნო ვიზიტი უკვე ბავარიის წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად შედგეს.“ – აღნიშნავს ბავარიის საშუალო მეწარმეთა ასოციაციის პრეზიდენტი.
აღსანიშნავია, რომ ბავარიის 614 ათასი კომპანია მიეკუთვნება საშუალო მეწარმეს, სადაც ყოველწლიურად სტაჟირებას გადის 190 ათასზე მეტი ახალგაზრდა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა ბავარიის საშუალო მეწარმეთა ასოციაციის წარმომადგენელია საქართველოში.