ალეკო ელისაშვილი: მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს წამმზომი ჩაურთეს, ერთი წლით ციხეში დაიჭერენ? დაიჭირონ
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს წამმზომი ჩაურთეს, ერთი წლით ციხეში დაიჭერენ? დაიჭირონ, – ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კოალიციის ლიდერების დაბარებას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე.
მისი თქმით, წულუკიანის ფეხის ბაკუნზე არავინ არსად მისვლას არ აპირებს.
„პროკურატურა თუ მოგვადგება, მოგვადგეს. მომდგრები არ არიან? არ მივიდა საგამოძიებო კომისიაში და ერთი წლით ციხეში დაიჭერენ? დაიჭირონ, ვინმეს ეშინია მაგათი? ამათ ვუგოროთ კოჭი და იმ სამარცხვინო რაღაცაში მივიღოთ მონაწილეობა? ჯერ ერთი ეს კომისია ამას ვერ გამოიძიებს, ეს არის სარეკომენდაციო სტრუქტურა, რომელიც დაწერს დასკვნას და გადაუგზავნის ან არ გადაუგზავნის პროკურატურას. პროკურატურაში დასკვნის გაგზავნა რად გინდა, ცოცხალი ადამიანები არიან და დადიან, იძახიან ეს და ეს მოხდა და არაფერს არ იძიებენ უმაქნისები. რამის გამოძიება თუ უნდოდათ, გამოიძიებდნენ.
დღეს ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ შეგვაშინონ და რეპრესიების იარაღად გამოიყენონ. ხედავენ, რომ თავი არ დავუხარეთ, არ დავუჩოქეთ, ჩვენი კოალიცია მაგრად და პრინციპულად დგას, აღარ იციან რა ქნან, რით შეგვაშინონ და მე ცალკე პროცესი მაქვს 1 აპრილს და ბადრის და მამუკას წამმზომი ჩაურთეს. მაგის ფეხის ბაკუნზე რომ არავინ აპირებს სიარულს, მაგის ჩვენება მინდოდა, მაგათი რაღაცების რომ არ გვეშინია მაგის ჩვენება გვინდოდა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.