შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში ფსიქიკური აშლილობის მქონე პირმა 3 პოლიციელი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბათუმში ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქემ სამ პატრულ-ინსპექტორს სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენა.

„მიმდინარე წლის 20 იანვარს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მყოფ ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქესთან დაკავშირებით.

შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, რა დროსაც ფსიქიკურად დაავადებული პირი – 1998 წელს დაბადებული გ.ნ. თან ნაქონი დანით მათ მოულოდნელად თავს დაესხა. გ.ნ.-მ მის განიარაღებისა და დაკავების პროცესში სამ პატრულ-ინსპექტორს სხეულის სხვადასხვა არეში დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა.

სამართალდამცველებმა გ.ნ. ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. დაშავებული პატრულ-ინსპექტორები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. სამივე მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

პოლიციაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები