სიღნაღის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„ქალაქ წნორის ტერიტორიაზე, ბოდბისხევის კოლექტორის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. დანალექი გრუნტისა და ხე-მცენარეებისგან 1000 მეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტში 70 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე საირიგაციო მომსახურებასთან ერთად, 160 ჰექტარ სატბორე მეურნეობისთვის წყლის მიწოდების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
საქართველოს მელიორაციამ სამუშაოები საკუთარი ძალებით მიმდინარე თვეში დაიწყო და დეკემბრის ბოლოს დასრულდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.