„ჩემთვის უმთავრესი – ქართველი ერის ერთიანობაა“ – პოეტი და ჟურნალისტი გიორგი ლეონიძის სოფლიდან და მარაოსავით ფართოდ გაშლილი ცხოვრება

შესავლის მაგიერ:
„ერთგვარ უხერხულობას მიქმნის ხოლმე ახლად გაცნობილი ადამიანების შეკითხვა:
– თუ შეიძლება, გაგვეცანით, გვითხარით – რას წარმოადგენთ.
– უბრალოდ, სანდრო დამიძახეთ, – ვპასუხობ მოკლედ.
თუ თავისას არ დაიშლიან და მოისურვებენ, სრულად ვუთხრა ჩემი საქმიანობის სფერო, სხვა გზა არ მრჩება და ვიწყებ ჩამოთვლას: ჟურნალისტი, უცხოური ენების სპეციალისტი, ექსპერტი ეკოლოგიის საკითხებში, პიარტექნოლოგიების სპეციალისტი, პოეტი, პედაგოგი, მთარგმნელი, მედიასაკითხების მკვლევარი, კრიტიკოსი.
ორჯერ მეტ უხერხულობას მიქმნის შეკითხვა:
– თუ შეიძლება, თქვენი ცხოვრების შესახებ მოგვიყევით.
ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ვიბნევი და არ ვიცი, საიდან დავიწყო….
ამ შემთხვევაში, დიდი ილიას ლოგიკას და იმ სიტყვებს დავიხმარებ, რომლითაც იწყებს თავის „კაცია-ადამიანს“: „რიტორიკაში სწერია: ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო. ჭეშმარიტია. ჩვენც ისე დავიწყოთ“. – ჟურნალისტისა და პოეტის, სანდრო უსტიაშვილის პერსონა.

 – პატარძეულში, გიორგი ლეონიძის სოფელში დაიბადეთ…
-,„თბილისელობა პროფესიაა,“- ეს სიტყვები პოეტ-აკადემიკოსს, პატარა პატარძეულის დიდ შვილს, გიორგი ლეონიძეს ეკუთვნის. თბილისელობის რა მოგახსენოთ, მაგრამ პატრიოტიზმი კი ნამდვილად იყო მისი პროფესია. საგარეჯოს რაიონში პატარძეული იყო მეორე სოფელი, სადაც დიდი რეჟისორის, ვასო ყუშიტაშვილის მამის, პავლე ყუშიტაშვილის დაფინანსებით 1901 წელს ბიბლიოთეკა აშენდა. ბავშვობისას გოგლა ხშირად სტუმრობდა ხოლმე სოფლის ცენტრში მდებარე ბიბლიოთეკას. 14 წლის რომ ყოფილა, ყურადღება მიუქცევია, რომ მას იატაკი არ ჰქონდა – წიგნის თაროები მიწაზე იყო განთავსებული.
დედას ფული გამოართვა, მეზობელს კი ხარ-კამეჩი და პოსკა. დედისეულ სოფელ ნინოწმინდაში ადგილზე წარმოებული აგური შეისყიდა, გადმოიტანა პატარძეულში და თანასოფლელი ხელოსნების დახმარებით ბიბლიოთეკაში იატაკი დააგო.  ასე რომ, პატრიოტიზმი, როგორც მისი შინაგანი მოწოდება და ცხოვრების სტილი, მისი ბავშვობიდან იღებს სათავეს.
მეამაყება, რომ გოგლას სოფელში დავიბადე 1975 წლის 3 აპრილს. გულახდილად ვიტყვი: გოგლას პიროვნების და მისი მოღვაწეობის მნიშვნელობის გააზრება გვიან, მე-10 კლასში დავიწყე. მაშინ ქართულ ენასა და ლიტერატურას გვასწავლიდა მართლაც ლეგენდარული პედაგოგი, წიგნის – „იცოცხლე, გოგლა, შენ ჩვენთანა ხარ“ ავტორი, თამარ ხუროშვილი. საგაკვეთილო მასალაზე მეტს პატარძეულის ისტორიის, სოფლის გამოჩენილი შვილების, მათ შორის გოგლას ცხოვრების შესახებ მოგვითხრობდა. ეს იყო 1990-91 წლებში. იმ დროიდან გაივლის დაახლოებით 24 წელი და მე დავიწყებ იმ პატარძეულელების საპატიო ნუსხის შედგენას, რომლებმაც ამა თუ იმ სფეროსა და დარგს თავისი კვალი დააჩნიეს…. ამ სიას კვლავაც ვაგრძელებ. 5 თაბახის ფურცელი უკვე შეივსო და სიას კვლავ ემატება გამორჩეულ პატარძეულელთა სახელები….
თუმცა, ჩემთვის გოგლას პიროვნების და სხვა სახელოვანი თანასოფლელების ღვაწლის გააზრებას წინ უსწრებდა პირველი ნაბიჯები თავად სამშობლოს მნიშვნელობის გააზრების ურთულეს გზაზე: მახსოვს, 11 წლის რომ ვიყავი, პაპამ – მამის მამამ ჩვენი სახლიდან დაახლოებით 300 მეტრის დაშორებით, შემოღობილ ადგილში, მაჩვენა მიწაში ჩადებული 2 ძველისძველი ქვევრი. დაიჩოქა, ქვევრის სახურავებს ეამბორა, სანთლები დაანთო და მითხრა:
– ეს ქვევრები, შვილო, ჩვენი ოჯახის ზედაშეა. აქ მოდის ხოლმე ჩვენი მფარველი ანგელოზი. დროდადრო ეს ქვევრები უნდა გავწმინდოთ. კარგად დაიმახსოვრე: ცხოვრებაში რა კაციც არ უნდა გამოხვიდე, სადაც არ უნდა იცხოვრო, დიდი ხნის მერე, როცა იმ ქვეყნად წახვალ, აქ, ამ მიწაში უნდა დაიმარხოო. აქ მარხიან შენი წინაპრები და იმიტომ! ამის გარდა სხვა სამშობლოს ვერ იპოვი. ვენაცვალე ამ მიწის მადლსა! – შევამჩნიე, მერცხალივით მკვირცხლ თვალებში როგორ მოადგა ობოლი ცრემლი; სწრაფად მოიწმინდა, რომ არ დამენახა…
პაპა 1910 წელს დაიბადა და 1993 წელს გარდაიცვალა. მთელი ცხოვრება კომუნისტური დიქტატურის პირობებში განვლო. თუმცა, საბჭოთა იდეოლოგიურმა მანქანამ მასში ქართული დვრიტის დეფორმაცია ვერ განახორციელა. „მასში არ იყო ღერი ნერვისა არაქართული“…
– იმ თაობის წარმომადგენელი ხართ, რომლის ასპარეზე გამოსვლასაც  ეროვნული მოძრაობის აღმავლობის წლები დაემთხვა…
– ჩვენი მოზარდობის პერიოდს დაემთხვა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თაოსნობით დაწყებული ეროვნული მოძრაობა. მაშინდელმა ეროვნულმა ამბოხმა ღრმა კვალი დატოვა ჩვენს ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ გონებასა და სულებში. მასწავლებელმა დაგვავალა თხზულების დაწერა თემაზე: „კარგ ყმად ვინა ვთქვათ“. მცირე მოცულობის თხზულებაში პარალელი ილიას დროინდელ ეროვნულ მოძრაობასთან გავავლე და ასე დავამთავრე: „ეს ბობოქარი დღეებიც გაივლის. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რა გზას დავადგეთ, როცა თავისუფლები და დამოუკიდებლები გავხდებით!“ მასწავლებელმა რამდენჯერმე წაიკითხა, ოდნავ ჩაიღიმა და მოკლედ მითხრა: „იცი, რას ვფიქრობ, უსტიაშვილო: შენ სამი რამ უნდა აკეთო ცხოვრებაში – პირველი, უნდა წერო! მეორე, უნდა წერო! და მესამე, უნდა წერო! ხომ გასაგებია, რაც გითხარი“?!
– ალბათ ამ სიტყვებმაც განაპირობა სკოლის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება. ვინ დატოვა კვალი თქვენს ცხოვრებაში?
– სკოლა წარმატებით დავამთავრე 1992 წელს, ოქროს მედლის კანდიდატი ვიყავი, მაგრამ სწორედ იმ წელს შეწყდა წარჩინებული მოსწავლეების მედლებით დაჯილდოება.
ჩემი მასწავლებლის ნათქვამი გასაგები რომ იყო, სწორედ ამიტომ ჩავაბარე მისაღები გამოცდები 1993 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. იმავე წელს, გამოცდები ჩავაბარე ჰუმანიტარული (ე.წ. მეორადი) სპეციალობების ფაკულტეტზეც, ფრანგული ენისა და ლიტერატურის განხრით. ჩვენი უსაყვარლესი ალმა-მატერი 1998 წელს 2 დიპლომით და ამასთან, უამრავი ჩანაფიქრითა და იმედით დავამთავრე. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ნოდარ ტაბიძის, ნიკო ლეონიძის, დიანა ტყებუჩავას, დალი ჩიკვილაძის, ელდარ იბერის და ჩვენი პატივსაცემa სხვა პედაგოგების დახმარებით, გავიარეთ კლასიკური ჟურნალისტური სკოლა. იგი ხომ მკვეთრად, ფუნდამენტშივე განსხვავდება ე.წ. ხმაურიან-სენსაციურ-ეპატაჟური მედიამუშაობისგან.
ჩვენ გვასწავლეს ისეთი ჟურნალისტიკა, რომელიც სიკეთის სახელით ჭეშმარიტების დამკვიდრებაზე, საზოგადოების თანადგომასა და პროგრესზეა ორიენტირებული. ჟურნალისტიკა, რომელიც ბევრ ცოდნას, მუშაობას, მაღალ პროფესიონალიზმს, ეთიკის ნორმების დაცვას მოითხოვს და ადამიანის ღირსების პატივისცემაზეა ორიენტირებული….
ჩემს მეხსიერებას თეთრ პერანგზე დაღვრილი მელანივით ღრმად დაემჩნა ერთი არაჩვეულებრივი დღე – 1998 წლის 10 ივლისი: დიპლომების გადაცემის საზეიმო ღონისძიებაზე თსუ-ს მაშინდელმა რექტორმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა უამრავ სტუდენტს შორის პირველი მიმიხმო სააქტო დარბაზის სცენაზე, გადმომცა წარჩინების (წითელი) დიპლომი, ხელი მაგრად ჩამომართვა და მომავლის გზა დამილოცა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, ამაყი, გახარებული, ფრთებშესხმული დავუყევი მელიქიშვილის გამზირს და იმ წუთებში ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ცხოვრება მომავალში ჩინური ფართო მარაოსავით რამდენიმე მიმართულებად გაიშლებოდა….
– უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ აღსანიშნავია ჟურნალისტიკაში მოღვაწეობის მრავალმხრივი სპექტრი… პირველი სტატიები…
– მოკლე ინფორმაციას მოგაწვდით: საინფორმაციო სააგენტოები: სხვადასხვა პერიოდში ვიმუშავე ჯერ „მედიანიუსში“ და შემდეგ „ინტერპრესნიუსში“.
დღემდე ვრჩები შემდეგი თეორიის მომხრე: სანამ ჟურნალისტი პრესაში ან ტელევიზიაში წავა სამუშაოდ, მან აუცილებლად უნდა გაიაროს საინფორმაციო სააგენტოების სკოლა: ისწავლოს მოკლედ წერა და აზრის ლაკონიურად გადმოცემა, ჩამოუყალიბდეს ჟურნალისტური დისციპლინა, შექმნას თავისი საინფორმაციო წყაროების სისტემა, ისწავლოს დროის ფასი და ოპერატიული მუშაობა…
ჩემს ჟურნალისტურ ნათლობად იქცა 1992 წელს გაზეთ „დებიუტში“ გამოქვეყნებული პირველი წერილები, რისთვისაც დღემდე ღრმა მადლიერების გრძნობით ვარ განმსჭვალული გაზეთის დამფუძნებლისა და რედაქტორის, თამარ მარუაშვილის მიმართ. ვინ იცის, ცხოვრებაში რამდენი ინტერვიუ დამიწერია და მათი უმრავლესობის შინაარსი მიახლოებითაც აღარ მახსოვს. თუმცა, სიტყვა-სიტყვით მახსოვს ჩემი პირველი ინტერვიუს ტექსტი. „ინტერვიუ პირად საკითხებზე“ – ასე ვუწოდე წერილს. იგი ჩავიწერე აბსოლუტურად უცხო ადამიანთან, რომელიც თსუ-ს მეექვსე კორპუსთან გაჩერდა და ნაგვის ურნიდან საკვები ნარჩენების ამოკრეფა დაიწყო. ჩემთვის ამის დანახვა შოკის ტოლფასი იყო.
იმ უცნობმა მამაკაცმა იმითაც გამაოცა, რომ გამვლელები ფულს სთავაზობდნენ და კაპიკი არავისთვის გამოურთმევია. საუბრისას მივხვდი, რომ ნაკითხი და მოაზროვნე მამაკაცი იყო. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ არ გაუმართლა, ცხოვრების ზეწოლას ვერ გაუძლო და ფსკერზე „დაილექა“ ლაბორატორიაში მიღებული ქიმიური პროდუქტივით.
„ადამიანების დალექვის“ და ამის გამომწვევი მიზეზები იქცა კარდინალურ თემად ჩემს შემდგომ პროფესიულ მუშაობაში.
ჩემთვის ყველა გაზეთი და ჟურნალი ძვირფასი იყო, თუ ისინი რეალურად იდგნენ საზოგადოების და ქვეყნის სამსახურში. არ ვანსხვავებდი, რომელი იყო მეტად თუ ნაკლებად გავლენიანი.
1992 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ გაზეთები: „ივრის განთიადი“ (გამოდიოდა საგარეჯოში), „7 დღე“, საქართველოს პროფკავშირების გაზეთი „კაბადონი“, „კრიმინალი“, „ახალი ქართული გაზეთი“, „რეზონანსი“, „არგო“, „6 საათზე“, „მთავარი გაზეთი“, „რუსთავის აზოტი“.2009-2012 წლებში კი ჩემი რედაქტორობით გამოდიოდა საქართველოს მწვანეთა პარტიის გაზეთი „მწვანე სიახლეები“.
ნოემბერში ხის ფოთლები რომ კარგავენ მწვანე ფერს და მათ ზედაპირზე ერთმანეთს ენაცვლება სხვადასხვა ფერი, ისე ენაცვლებოდა ჩემს ცხოვრებაში გაზეთები და სამუშაოდ შერჩეული სფეროებიც. ალბათ, არ დარჩა არცერთი ისეთი დარგი საქართველოში, რომელზედაც წერილები არ გამომიქვეყნებია. 2001 წელს „ოჯახის მკურნალშიც“ ვმუშაობდი და იგი ჩემთვის ერთადერთი ჟურნალი იყო. რედაქტორი ყველა ნომერში დაახლოებით 7-8 გვერდს მითმობდა.
– ერთხანს რადიოსა და ტელევიზიაშიც იმუშავეთ…
– ჟურნალისტიკის ყველა მიმართულება მომხიბვლელი, საინტერესო და აზარტულია. თავისებური პროფესიული რომანტიკა აქვს რადიოსაც. მახსოვს, საქართველოს რადიოს პირველი არხის გადაცემა „ლილეში“ (აშუქებდა საქართველოს რეგიონების ცხოვრებას და სოფლის მეურნეობის თემატიკას) გამოცდილი ჟურნალისტი, ცხონებული დილარ ჯვებენავა, როგორ ემზადებოდა ყოველი გადაცემისთვის. მასთან ერთად მუშაობდნენ: გელა ზედელაშვილი, დალი მორგოშია, პაატა ლომიძე და სხვა, შემდგომი თაობის ნიჭიერი ჟურნალისტები. რადიოში მუშაობისას ისინი მიზიარებდნენ გამოცდილებას და პირდაპირ მეუბნებოდნენ კომპლიმენტსაც და კრიტიკულ შენიშვნებსაც.ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პრაქტიკა პროგრამა „მოამბეში“ გავიარე. სადიპლომო შრომაც ამ პროგრამის შესახებ დავწერე. თსუ-ს დამთავრების შემდეგ, მუშაობა სწორედ „მოამბეში“ განვაგრძე. არ მიწარმოებია სოციოლოგიური გამოკვლევა და ვერ ვიტყვი, ჩვენს საზოგადოებაში ვინ როგორ აღიქვამდა 90-იანი წლების „მოამბეს“, მაგრამ ზუსტად მახსოვს, რამდენად მაღალი მუშაობის სტანდარტები მოითხოვებოდა. პროგრამის ხელმძღვანელი, ცნობილი ჟურნალისტი ნატო ონიანი და სხვა პასუხისმგებელი პირები ყველა სიტყვასა და წერტილ-მძიმეში ჩამოგდევდნენ. იქ მოდუნების საშუალება უბრალოდ არ გქონდა. ერთადერთი, რაც გიშველიდა, მუდმივ საკუთარ პროფესიულ ზრდაზე უნდა ყოფილიყავი ორიენტირებული.
შემდეგ იყო საინფორმაციო გადაცემა „ინფორმაცია მე-2 არხი“. ორიოდე წლის შემდეგ კი, მუშაობა მომიწია სტუდია „აუდიენციის“ გადაცემაში „ვიდეოპატრული“.
– პრესსამსახურებშიც მუშაობდით… ამბობთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ პარადოქსებიც გდევდათ…
– ჟურნალისტიკასთან მჭიდროდაა დაკავშირებული პრესსამსახურების მუშაობა, თუმცა მათი მუშაობის სტილი ძალზე განსხვავებულია და აბსოლუტურად სხვა მიდგომას მოითხოვს.
ძალზე დატვირთული და შრომატევადი აღმოჩნდა სს „ენერჯი ინვესტის“ (იგი იყო რუსთავის „აზოტისა“ და გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგურის მფლობელი კომპანია) პრესსამსახურში მუშაობა. ალბათ, ერთი თაბახის ფურცელი არ მეყოფა იმ ფუნქციების მოკლე ჩამოთვლისთვისაც კი, რაც იქ მუშაობისას მქონდა შეთავსებული.
ჩემი ცხოვრება სავსეა პარადოქსებით. ერთ-ერთ პარადოქსად იმას მივიჩნევ, რომ გარემოს  დამაბინძურებელი საწარმოს პრესსამსახურიდან საქართველოს „მწვანეთა პარტიის“ პრესსამსახურში აღმოვჩნდი. შემიძლია, ბევრი ვისაუბრო მწვანეებში გატარებულ წლებსა და იქ გავლილ დიდ სკოლაზე. თუმცა, ეს არ იყო მხოლოდ ეკოლოგიური მუშაობა; ეს გახლდათ პოლიტიკური ბრძოლაც მაშინდელ რეჟიმთან ურთულესი გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაჭრელად.
3 წლის განმავლობაში ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაცია „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელობა. იმ პერიოდში ვახორციელებდით უშეღავათო ბრძოლას საქართველოს დედა-ეკლესიასა და ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობასთან დაპირისპირებულ ძალებთან.
– ალბათ შემთხვევითი არ იყო, რომ ჟურნალისტიკიდან  პოლიტიკაში გადაინაცვლეთ…
– არაერთ სფეროში მომიწია მუშაობა. თუმცა, არცერთში მოღვაწეობა, მათ შორის – ჟურნალისტიკაშიც, არ ყოფილა თვითმიზანი, მხოლოდ პირადი ამბიციების განხორციელების საშუალება. ნებისმიერი სფერო, ნებისმიერი პოზიცია ჩემთვის იყო უპირველესად სამშობლოს სამსახურისთვის გამოყენებული ინსტრუმენტი… სწორედ ამ თვალთახედვამ მიმიყვანა პოლიტიკაში.90-იანი წლების ბოლოს გავხდი ახლად შექმნილი პარტიის, „ახალი საქართველოს“ (იგი დააფუძნა მრეწველების ერთ-ერთმა ფრთამ) ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე. ცოტა მოგვიანებით მიმიღეს პარტია „ახალი მემარჯვენეების“ საორგანიზაციო ჯგუფში. რამდენიმე წლის შემდეგ, მუშაობა განვაგრძე პოლიტიკური გაერთიანება „წინ, საქართველოს“ ძირითად საორგანიზაციო ჯგუფში.
დაახლოებით 4 წელი ვიმუშავე საქართველოს „მწვანეთა პარტიაში“; 9 წლის განმავლობაში, სხვადასხვა პოზიციაზე ვმუშაობდი დღევანდელი მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ რიგებში. 2016 წელს დავინიშნე საგარეჯოს საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივნად.
2021 წლის მიწურულს სრულად გავემიჯნე პოლიტიკურ სივრცეს. ბევრი გულისტკენა მახსოვს. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკის სფეროში ჩართულობამ მომცა უნიკალური გამოცდილება და არაერთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევა გამომიმუშავა….
– არც არასამთავრობო სექტორი დაგიტოვებიათ ისე, რომ ძალა არ მოგესინჯათ… საქველმოქმედო საქმიანობაშიც იყავით ჩართული…
– „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი“, „სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტი“, „ასოციაცია ჩვენი მომავალი“, „ინტეგრაციისა და მიგრაციის საერთაშორისო ცენტრი“, „ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ – ეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების არასრული ჩამონათვალია, სადაც მიმუშავია. მესამე სექტორში საქმიანობა მოიცავდა საქველმოქმედო საქმიანობასაც, რომელიც სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის და შშმ პირებისთვის განგვიხორციელებია.

თემურ ჩალაბაშვილთან ერთად

– წერთ ბავშვობიდან… ჟურნალისტიკის პარალელურად, სამწერლობო და მთარგმნელობითი საქმიანობას ეწეოდით…
– ლექსებსა და ჩანახატებს ადრეული ბავშვობიდან ვწერდი. პირველი ლექსი 8 წლის ასაკში დავწერე და მივუძღვენი დედას 8 მარტის დღესასწაულზე.
მთელი სტუდენტობის განმავლობაში ვიყავი თსუ-ს ახალგაზრდა მწერალთა წრის წევრი. 1997 წელს, მეგობრებსა და თანამოაზრეებთან ერთად ჩამოვაყალიბე ლიტერატურული სალონი „დიაოხი“. „კავკასიურ სახლში“ ვმართავდით საინტერესო და დასამახსოვრებელ საღამოებს. სალონმა 1999 წელს შეწყვიტა არსებობა. შემდგომშიც, 2002 წელს, მეგობრებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ ლიტერატურული გაერთიანება „საფიხვნო“. პოეზიის საღამოებთან ერთად, ვმართავდით თემატურ შეხვედრებს, რომლებიც ეძღვნებოდა ქართულ მწერლობას, ქართული ენისა და ჩვენი ეროვნული კულტურის პრობლემურ საკითხებს. „საფიხვნომ“ 2003 წლის სექტემბრამდე იარსება.

ჯუბა ღებელთან ერთად

ჩემი ლექსები და ლიტერატურული რეცენზიები სხვადასხვა პერიოდში დაიბეჭდა: ჟურნალ „პირველ სხივში“, ლიტერატურულ ალმანახ „ცისკარში“, გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“, ჟურნალ „ანეულსა“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში. გამოიცა სხვადასხვა წიგნი და კრებული ჩემი რედაქტორობით, ასევე – თარგმანები.ბოლო წლებში ძირითადად სოციალურ ქსელებში ვაქტიურობ, სადაც ვაქვეყნებ საკუთარ ლექსებს, ესეებს, ჩანახატებს, ნარკვევებს, რეპორტაჟებს. მათი გარკვეული ნაწილი ეხება ჩემი მშობლიური სოფლის, პატარძეულის ისტორიას.დღემდე არასდროს გამომიცია ჩემი ლექსების კრებული, რაც რამდენიმე ანგარიშგასაწევი მიზეზით არის განპირობებული. თუმცა, ჯერ ყველაფერი წინაა…
– ერთი ლექსი…

კავშირი

ფიქრები სტუმრობს თავს ხშირი –
ვერ დავარქმევდი მზიანს.
გვინდაო ევროკავშირი,
სიტყვებს ფეტვივით ყრიან!

მამულს ვჭვრეტ სვანი მახვშივით,
ივერია რომ ჰქვია.
გვიჯობსო ნატოს კავშირიც,
თუმც, გვაღირსებენ გვიან!

გული კრთის თოთო ბავშვივით,
იმედი უკლებს კიაფს…
ზოგს ძველი მოსწონს კავშირი –
საჭმელს ვჭამდითო იაფს!…

ქორბუდა რქებით გაშლილით
ლაღი შვილია ველთა.
ვინა თქვა ირმის კავშირი
დათვთან და მისფერ მგელთან?!

მეც ამ მთა-ველის ვარ შვილი,
მცველი იმედის დღეთა.
რა ვქნა, სამი მწამს კავშირი:
ჯიშთან, გულთან და ღმერთთან!!!
– დღევანდელობა და სამომავლო გეგმები…  იტალიასა და აშშ-ში გამომავალი გაზეთის „ქართული ფესვების“ ოფიციალური წარმომადგენელი ხართ საქართველოში…
– ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთ საერთაშორისო ლოგისტიკურ კომპანიაში. ჩემი ხასიათის თავისებურების გამო, არ შემიძლია ცხოვრებაში მხოლოდ ერთი საქმის კეთება. სულიერი კომფორტი მაშინ მექმნება, როდესაც რამდენიმე საქმეს ერთმანეთის პარალელურად ვაკეთებ.

ბესო ჩუბინიძესთან ერთად

დიდი ხანი არაა, რაც დავინიშნე იტალიასა და აშშ-ში გამომავალი გაზეთის, „ქართული ფესვების“ ოფიციალურ წარმომადგენლად საქართველოში. მისი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია – ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი, საზოგადო მოღვაწე და მეცენატი, ნინო სიბოშვილი. მისი ინიციატივით, 18 აპრილს თბილისში საზეიმოდ აღვნიშნეთ გაზეთის იუბილე. დაგეგმილი გვაქვს სამოქმედო არეალის გაფართოება სხვა ქვეყნებშიც და ქართველი ემიგრანტების თანადგომის მასშტაბის გაზრდა.
ჩემი შეთავაზების საფუძველზე, „ქართული ფესვები“ გამოვიდა ინიციატივით, 18 აპრილი დაწესდეს ქართული ემიგრაციის ერთიანობის დღედ. დაგეგმილი გვაქვს საინტერესო პროექტების განხორციელება…

– თბილისში ცხოვრობთ,  მაგრამ აქტიურად ხართ ჩართული მშობლიური სოფლის ცხოვრებაში… ერთხანს საგარეჯოს მერიაშიც მუშაობდით…
– თბილისიდან მაინც ვახერხებ ურთიერთობას ადგილობრივ მცხოვრებლებთან. მათთან  მჭიდრო კომუნიკაციის საფუძველზე ვახორციელებთ სოფლის აუცილებელ საზოგადოებრივ ინიციატივებს. მათი მოკლედ ჩამოთვლაც კი შორს წამიყვანდა. მაგალითისთვის მხოლოდ ერთ წამოწყებას აღვნიშნავ: ჩემი ინიციატივით და მონაწილეობით პატარძეულში ჩამოვაყალიბეთ საინიციატივო ჯგუფი, მოვამზადეთ წერილი ადგილობრივი თვითმმართველობის სახელზე, დავურთეთ შესაბამისი ფოტოები და ხელმოწერები; მოვითხოვეთ უმძიმეს მდგომარეობაში არსებული კულტურის სახლის რეაბილიტაცია. ვგეგმავთ, ეს აქტივობა მანამდე უნდა გავაგრძელოთ, სანამ არ მოხდება მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მქონე, დიდი რეჟისორის, ვასო ყუშიტაშვილის სახელობის კულტურის სახლის აღდგენა.
აქ აღვნიშნავ იმასაც, რომ 5 წელიწადზე მეტ ხანს ვიმუშავე საგარეჯოს მერიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. მერიის თანამშრომლებს შორის, რამდენიმე ადამიანთან ერთად, ვიყავი ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან (კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი, CENN და RECC-Caucasus) დავიწყე მჭიდრო თანამშრომლობა კლიმატის ცვლილების პრობლემატიკასთან დაკავშირებით, ექსპერტის რანგში. შარშან მონაწილეობა მივიღე ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტის „თეთრი წიგნისა“ და „მწვანე წიგნის“ საჯარო განხილვაში. ამ დოკუმენტების საფუძველზე მიმდინარე წელს პარლამენტში უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს კანონი „კლიმატის ცვლილების“ შესახებ. დღეისთვის თანამშრომლობას ვაგრძელებ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან. .
და ბოლოს, შემიძლია თამამად და გადაჭარბების გარეშე ვთქვა: მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში უმთავრეს მიზნად ჩვენი ქვეყნის ერთგულ სამსახურს ვისახავდი. ბევრი სურვილი, გეგმა და ჩანაფიქრი მაქვს. თუმცა, ჩემთვის უმთავრესი მაინც – ქართველი ერის ერთიანობაა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

                                                                                                                            თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები