პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, მსოფლიო ბანკის ე.წ. „ბიზნესის კეთების” რეიტინგში საქართველო იყო მე-7 ადგილზე, რომელიც შეცვალა მსოფლიო ბანკმა და ბიზნესისთვის მზაობის საპილოტე რეიტინგში საქართველომ დაიკავა მესამე ადგილი, სინგაპურისა და ესტონეთის შემდეგ.
„ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომ ჩვენ ქვეყანაში მმართველობის ხარისხი არის საკმაოდ კარგი, სანდო და სერვისები ყოველწლიურად უმჯობესდება –  ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი იდეალურად არის, მაგრამ ვხედავთ, რომ სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების პროცესი არის უწყვეტი და მუდმივი. ამიტომ, ამ კუთხით, ჩვენ ამ კონკურენტუნარიანობაზე ვზრუნავთ, ასევე, ხაზგასასმელია ყველა ის ფაქტორი, რომელიც ზოგადად, განაპირობებს ჩვენი  ბიზნესკლიმატის  მიმზიდველობას” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსიაში „ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა/ახალი შესაძლებლობები” მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი  ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.  ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.