ნინო ენუქიძე: ნანუკაზე არანაირი რეაქცია არ მაქვს – ერეკლე კოდუა შვილებს ალიმენტს არ უხდის

ქველმოქმედი, ბიზნესმენი, კომუნიკაბელური, ემოციური, გულახდილი და მზრუნველი დედა – ასეთია დღეს ერეკლე კოდუას ყოფილი მეუღლე ნინო ენუქიძე. წარსულზე ნაკლებად საუბრობს. თუმცა, კარგად ახსენდება ერეკლესთან გატარებული წლები. როგორც ის „კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს,  შესანიშნავი შვილები ჰყავს და თავს ერეკლე კოდუას გარეშეც კარგად გრძნობს. თავად კოდუები ნინო ენუქიძეს არაფრით ეხმარებიან. ის საკუთარ საქმეს თავადაც წარმატებულად უძღვება და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს.
ნინო ენუქიძის ყოველი დილა 6 საათზე იწყება. პატარა უკვე 10 წლის ჰყავს. შვილებს სკოლაში აცილებს, რის შემდეგაც მისი  დატვირთული დღე იწყება. ენუქიძე  სილამაზის სალონ „ბაგატელის“ და საჩხერის რაიონში „ყრუთა კავშირის“ დამფუძნებელია. ნინოს მამა 6 თვის წინ გარდაეცვალა და მამის საქმიანობასაც აგრძელებს.
10695316_813485048673990_342993294_n„მამას ვაფლის მცირე საწარმო ჰქონდა, სამწუხაროდ, ის 6 თვის წინ გარდაიცვალა და მისი საქმიანობა მე განვაგრძე – საწარმო არ გავაჩერე. რაც შეეხება სილამაზის სალონს, იქ დამფუძნებელი ვარ და დირექტორი მყავს. სალონი კარგად მუშაობს, ვცდილობთ მომხმარებელს კარგად მოვემსახუროთ და მათ მრავალფეროვან მომსახურების პირობებს ვთავაზობთ“, – აღნიშნა ნინო ენუქიძემ „კვირასთან“ საუბრისას.
ერეკლე კოდუას ყოფილი მეუღლე წარმოშობით საჩხერიდან არის, ამიტომ ექვსი წლის წინ საჩხერის რაიონში ბენეფიციარებისთვის „ყრუთა კავშირი“ დააფუძნა. რაიონულ ცენტრთან მას მხოლოდ ქველმოქმედება აკავშირებს. როგორც თავად ამბობს, მაშინ საჩხერის რაიონის მუნიციპალიტეტის დახმარებით საბავშვო ბაღის შენობაში ორი ოთახი გამოუყვეს. თავდაპირველად ადგილობრივები ამ ყველაფერს სკეპტიკურად  უყურებდნენ, თუმცა დღეს ბენეფიციართა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარების საზოგადოებაში ადაპტაციის მიზნით, საქველმოქმედო კონცერტებს იმავე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან ერთად მართავენ. ამ ყველაფერს კი ნინო ენუქიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტისა და საქართველოში ამერიკის საელჩოს დახმარებით აკეთებს.
„ამჟამად ორგანიზაციაში ოფიციალურად 50 ბენეფიციარი ირიცხება, თუმცა დღის ცენტრს  უფრო მეტი აკითხავს. აქ მხოლოდ სმენადაქვეითებული ბავშვები არ არიან. ბენეფიციარებს შორის სხვადასხვა პათოლოგიის მქონე მოზარდებიც არიან. ამ ეტაპზე ცვლილებები გვაქვს. ამერიკის საელჩოს დახმარებით შენობა გავარემონტეთ და გავფართოვდით. მუნიციპალიტეტის დახმარებით, სატრასპორტო საშუალება შევიძინეთ, რადგან, ზამთარში მშობლებს სოფლებიდან სარეაბილიტაციო ცენტრამდე გადაადგილება ძალიან უჭირთ. ვცდილობთ, ამ პროექტში უფრო მეტი ბავშვი ჩავრთოთ. როცა ამინდი ხელს გვიწყობს, ექსკურსიებსაც ვაწყობთ, თუმცა მხოლოდ მათთვის, ვისაც გადაადგილება არ უჭირს. ცენტრში ლოგოპედი და მუსიკის პედაგოგი გვყავს. ბენეფიციარებისთვის კონცერტებს ვაწყობთ. ამ ღონისძიებებში ჩვენი ბენეფიციარები მონაწილეობენ და  საბავშვო ბაღის სხვა აღსაზრდელებსაც ვიწვევთ ხოლმე.  ისინი  საბავშო ბაღის მეორე-მესამე სართულზე არიან განთავსებულები. არის შემთხვევები, როდესაც საბავშვო ბაღის აღსაზრდელების კონცერტებს ცენტრის ბენეფიციარები ესწრებიან, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ცენტრის ბენეფიციარებს მეტი ურთიერთობა ჰქონდეთ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან“, – ამბობს ნინო ენუქიძე.
მისივე თქმით, ის ამ ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებს და კოდუები არაფერში ეხმარებიან. თავად ერეკლე კოდუას შვილებთან ურთიერთობა დღემდე აქვს და ყოფილი მაღალჩინოსანი შვილებთან ურთიერთობას აგრძელებს. რაც შეეხება ალიმენტს, ერეკლე კოდუა შვილებს ალიმენტს არ უხდის.
4839_96857764349_5481234_n1-300x2861„მე კოდუები არაფერში მეხმარებიან. ბავშვებს მამა ეხმარება. ჩემი შვილები იმ ასაკში არიან, რომ მამასთან ურთიერთობას თავად ახარხებენ. უმცროსი უკვე 10 წლის მყავს და მეორე – 13 წლის. მე არ ვერევი მამა-შვილების ურთიერთობაში, ისინიც მშვენივრად ახერხებენ მამასთან ურთიერთობას. როგორც ასეთი, ოფიციალურ ალიმენტს, ერეკლე არ იხდის. ჩვენი ურთიერთობა ამ დონემდე არ მისულა. ეს ალბათ ჩემთვის შეურაცხმყოფელიც იქნებოდა… მე არც ალიმენტი მომითხოვია და არც სასამართლო გვქონია. მე და ერეკლე  თანაკლასელები ვართ და ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით. ერთ უბანში გავიზარდეთ. ბავშვების მიმართ ყურადღებას ნამდვილად იჩენს“, – ამბობს ნინო ენუქიძე.
ერეკლე კოდუას ყოფილი მეუღლე აცხადებს, რომ  ის ტელევიზორთან არ „მეგობრობს“ და შესაბამისად, „ნანუკას შოუს“ არ უყურებს.
“არანაირი რეაქცია არ მაქვს ნანუკაზე… სხვათა შორის, მიკვირს, რატომ არ მაქვს რეაქცია… ან, ასეთი ურეაქციო რატომ ვარ? –  ესეც მიკვირს. ალბათ, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ და ძირითადი საზრუნავი ჩემი შვილებია.  მე ჩემი საქმე მაქვს. სიმართლე თუ გინდა გითხრა, ტელევიზორის მოყვარული არ ვარ, არ ვუსმენ არც შოუებს და არც საინფორმაციო გამოშვებებს. მე და ტელევიზორი არ ვმეგობრობთ”, – აცხადებს ენუქიძე.
და, ბოლოს, როგორ გრძნობს თავს, ნინო ენუქიძე ერეკლე კოდუას გარეშე?,  – ის ამბობს, რომ ცხოვრება მისთვის ერეკლეს გარეშეც ძალიან მშვენიერია.
„მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ერეკლესთან გატარებული ყოველი დღე ძალიან კარგად მახსენდება. გადასარევი შვილები მყავს, მარტო ამით ვარ კმაყოფილი, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, ქალის ცხოვრება მამაკაცის გარეშე, როცა ოთხი შვილი გყავს, ძალიან ძნელია. მაგრამ, ახლაც მშვენივრად ვგრძნობ თავს და არც ვეძებ ვინმეს, რომ ის, ჩემი მეორე ნახევარი გახდეს. მგონია, რომ  ეს ჩემთვის ზედმეტი ტვირთი იქნება… მშვენივრად ვუმკლავდები ყველაფერს მარტო… ცოტა ჯიუტი ბუნების ადამიანი ვარ და არ მიყვარს ჭკუის მასწავლებლები, არ მიყვარს უფროსები. მეუღლეს კი ყოველთვის ანგარიში უნდა გაუწიო. მარტოც მშვენივრად ვგრძნობ თავს“, – აღნიშნა ნინო ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები