ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის ხანძრების პრევენციისთვის მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ ტყეში გადაადგილების და ქცევის დადგენილ რეგულაციებს
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ტყის ხანძრის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
ხანძრის კერის გაჩენის შესაძლო მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა განიხილება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების წესები – დაემორჩილონ ტყეში გადაადგილების და ქცევის დადგენილ რეგულაციებს.
ნებისმიერი დაუდევრობა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რაც ტყეში ხანძრის გაჩენის მიზეზი გახდება, გამოიწვევს დაჯარიმებას. ცეცხლის გაჩენით მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, საქმეს შესაძლოა, სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიენიჭოს. რაც შეეხება ცეცხლის წაკიდებით ტყის განადგურებას, კანონი 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამწუხარო ფაქტია, რომ ტყის ხანძრების გამომწვევი ძირითადი მიზეზი, სტატისტიკის მიხედვით, სწორედ ადამიანის დაუდევრობაა.