გურამ მაჭარაშვილი: თინა ბოკუჩავა რომ აცხადებს, სააკაშვილმა ტრამპის სადილისთვის გადაიხადა ეს ყველაფერიო, სად წერია ბრალდებაში ეგ ხარჯები? ეგ წარმომადგენლობითი ხარჯია, მაგრამ ბოკუჩავას საათი ან ტელეფონი – არა

„სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ მიხეილ სააკაშვილს 9 წელი მიესაჯა, თან, მხოლოდ და მხოლოდ ერთ საქმეზე – გაფლანგვებზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეების ჯიბიდან იღებდა და იქიდან იხდიდა ფულს ბოტოქსებსა თუ მასაჟებში“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, სასამართლოს მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯის შესახებ თემის კომენტირებისას.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს არა მხოლოდ ქართულმა მართლმსაჯულებამ მიუსაჯა სასჯელი, არამედ – სტრასბურგმაც, სადაც დავები წააგო.

„თინა ბოკუჩავა რომ გამოდის ახლა და აცხადებს, ტრამპის სადილისთვის გადაიხადა ეს ყველაფერიო, სად წერია ბრალდებაში ეგ ხარჯები? ეგ წარმომადგენლობითი ხარჯია, მაგრამ ბოკუჩავას საათი ან ტელეფონი – არა. და როგორც ბოკუჩავა აცხადებს, რომ ეს ტყუილიაო, თუ ასეა, მივიდეს მაშინ სასამართლოში და გაასაჩივროს. მაგრამ, არ აკეთებს, რადგან დოკუმენტურად დადასტურებულია ეს ყველაფერი. როგორც ვნახეთ, ასი ათასობით და მილიონობით აქვს დახარჯული სააკაშვილს ბიუჯეტიდან თავისი შვილის სწავლაში, დეპუტატებისა თუ საკუთარ მივლინებებში და ა.შ. რა სასტუმროებში დადიოდა ამისთანებში, 40 000-ებს და მეტს რომ ხარჯავდა 2-3 დღეში, ხომ წარმოგიდგენიათ? იქ ნარკობარონის საფლავზე წასულა და ა.შ. შესაბამისად, ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც მას თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სწორედ ეს გაფლანგვებია. კიდევ ბევრი საკითხია, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. და რაც მთავარია, ეს მხოლოდ ქართული სახელმწიფოს და მართლმსაჯულების გადაწყვეტილება კი არ არის, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოშიც აქვს წაგებული დავები“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები