სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აფრიკასა და ევროპაში აშშ-ის საზღვაო სარდლობის ორგანიზებით გამართულ მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აფრიკასა და ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სარდლობის ორგანიზებით გამართულ მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – CUTLASS EXPRESS 2025 მონაწილეობა მიიღეს.
ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
“სწავლება 10 დღის განმავლობაში ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის ქალაქ ტანგაში ჩატარდა და მასში მსოფლიოს 12 ქვეყნის საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სწავლება CUTLASS EXPRESS 2025 მოიცავდა საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ წვრთნებს, ისეთი მიმართულებით, როგორებიცაა: საზღვაო აკრძალვითი და სააბორდაჟო ოპერაციები, სწრაფმავალი კატარღების მართვის ელემენტები. ასევე, მრავალეროვნული შტაბის შემადგენლობაში საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების მართვის ცენტრის მოწყობისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხები.
მრავალეროვნულ სწავლებაში სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 15 მოსამსახურე, მათ შორის 6 ინსტრუქტორი მონაწილეობდა. სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ”, – წერია ინფორმაციაში.