ირაკლი ზარქუა – ბალტიელები უკრაინის ყველაზე დიდი მტრები არიან, ხელისუფლებას ვგულისხმობ და არა ხალხს, რომელსაც არაფერს არ ვერჩი

„ბალტიელები უკრაინის ყველაზე დიდი მტრები არიან, ხელისუფლებას ვგულისხმობ და არა ხალხს, რომელსაც არაფერს არ ვერჩი, უკრაინელებს აქეზებენ: აბა, მიდით, იომეთ, რომ რუსეთი დაღალონ და ბოლომდე იქ დაიხარჯოს“, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, თუ გულშემატკივრობენ და რეალურად ჰგონიათ, რომ უკრაინა დღეს იჩაგრება, ომში ჩაერთონ, მეზობლები არ არიან? გვერდში დაუდგნენ.

„გაოგნებული ვარ. მგონი, ბალტიელები ყველაზე დიდი მტრები არიან. ხელისუფლებას ვგულისხმობ და არა – ხალხს, რომელსაც არაფერს ვერჩი. ვინც ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებაში შემთხვევით არიან მოხვედრილი, ისინი უკრაინელი ხალხის მტრები არიან. რატომ? დააკვირდით. უკრაინელებს აქეზებენ: აბა, მიდით, იომეთ, რომ რუსეთი დაღალონ და ბოლომდე იქ დაიხარჯოს. რეალურად, თუ გულშემატკივრობენ და ჰგონიათ, რომ უკრაინა დღეს იჩაგრება, ომში ჩაერთონ, მეზობლები არ არიან? გვერდში დაუდგნენ. ამას არ აკეთებენ, რადგან მხოლოდ თავიანთ ინტერესებს იცავენ და ფეხებზე ჰკიდიათ, უკრაინა გაიწირება თუ არა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ზარქუას თქმით, საქართველოს მიმართ ზუსტად ანალოგიური მიდგომა ჰქონდათ.

„გვეუბნებოდნენ, რუსეთს სანქციები დაუწესეთო. თურმე, მეორე ფრონტი უნდა გაგვეხსნა. ეს ჟიგმანტასები, გუჟმანტასები, კუბილიუსები, ფოტიგები ამას არ გვეუბნებოდნენ, სანქციებს როგორ არ აწესებთო? რუსეთთან მიმართებით ღვინის ექსპორტში ჩვენ გაგვასწრეს, პირველ ადგილზე გავიდნენ. მაგალითად, ლიეტუვა, რომელიც ღვინოს არ აწარმოებს. ნავთობპროდუქტებში რუსეთი გაამდიდრეს, ეს მათივე სტატისტიკაა. ამ დროს ჩვენ გვამუნათებდნენ, რატომ არ დავაწესეთ სანქციები და მოხალისეები არ გავაგზავნეთ. თავად გაუშვან და ომშიც რატომ არ ერთვებიან? ეს არის ორმაგი სტანდარტი.

რამდენიმე დღის წინ მათ ყოფილ პრემიერზე კაია კალასზე განცხადება გავაკეთე. ეტყობა, სიმართლე ძალიან ეტკინათ. ვთქვი, კალასი სანქციებისკენ ჩვენ მოგვიწოდებდა და ამ დროს მისი მეუღლე დღემდე რუსეთთან ვაჭრობს და მდიდრდება. ესტონეთს საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყოლია, ცანკა. ცანკა ლგბტ და პროპაგანდისტი ყოფილა. ცანკისგან – ერთ ადგილას გაიკეთე, შენი სანქციები. ჩვენ ქართველები ვართ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს დავიცავთ. თქვენ კი, ხელისუფლებაში დროებით ხართ მოსული. როგორც შოლცის ხუხულა ჩამოიშალა, როთები და მათი მეგობრები, თქვენც ასე წარსულს ჩაბარდებით, რადგან ევროპა არ იმსახურებს თქვენნაირ მხდალ და სუსტ ლიდერებს, არც ესტონელი ხალხი, არც ლიეტუველები და არც ლატვიელები. ეს ხალხი არ იმსახურებს თქვენნაირ, გარე ძალების მხრიდან დაპროგრამებულ და დაორგანიზებულ მთავრობას. ბალტიელებს მშვიდობას და განვითარებას ვუსურვებ. მათთან ერთად უკეთეს ევროპას შევქმნით“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები