მამუკა მდინარაძე: არავინ აპირებს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების როლის დაკნინებას – სხვათა შორის, მსჯელობა ახლაც მიდის და საბოლოო ვარიანტზე ჩამოყალიბებული არ ვართ
არავინ აპირებს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების როლის დაკნინებას. სხვათა შორის, მსჯელობა ახლაც მიდის და საბოლოო ვარიანტზე ჩამოყალიბებული არ ვართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, უმრავლესობის სხდომაზე მათ სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს ასევე თეატრებთან დაკავშირებული საკითხიც.
„ერთ-ერთი აქტუალური საკითხია და რატომღაც თეატრის ხელმძღვანელებმა, სამხატვრო ხელმძღვანელებმა, დირექტორებმა არასწორად მიიღეს თუ გაიგეს ინფორმაცია – მე პირობას ვაძლევ ნებისმიერ მათგანს, რომ არა თუ ვინმეს უფლებამოსილებაში ჩარევა, მსჯელობის საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ ყველა მათგანს ფუნქციონალი გაუძლიერდება.
ჩვენ გვაქვს პრაქტიკა, სადაც სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ხელმძღვანელები და მათ აქვთ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებაც. არავინ აპირებს სამხატვრო ხელმძღვანელების როლის დაკნინებას. სხვათა შორის, მსჯელობა ახლაც მიდის და საბოლოო ვარიანტზე ჩამოყალიბებული არ ვართ. ეს მარტივი საკითხი არ არის – ისე დაიწეროს კანონი, რომ არა თუ ფუნქცია და უფლებამოსილების ფარგლები შეეზღუდოს ვინმეს, არამედ პირიქით, მყარი გარანტიები გაჩნდეს ამ მიმართულებით. ამიტომ, ის რაღაც ხმები იმასთან დაკავშირებით და პირადად ჩვენც გველაპარაკებიან ამ თემებზე, რომ ვიღაცას უფლებამოსილება ეზღუდება და ვიღაცის კომპეტენციების დავიწროება მიდის, არის არასწორი. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, უზრუნველყოფილი იქნება იმ პირთა ჩართულობაც, რომელთაც ეს საკითხი შეეხება.