იეჰოვას მოწმეები კომპენსაციას ელოდებიან

  სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აბსოლუტურად სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო – ასე აფასებს ორგანიზაცია „იეჰოვას მოწმეების“ იურისტი მანუჩარ ციმენტია ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
როგორც „კვირას“ მანუჩარ ციმენტიამ განუცხადა, იეჰოვას მოწმეთა 12 -წლიანი ლოდინი დადებითად გადაწყდა და ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 7 ოქტომბერს გადაწყვეტილება გამოიტანა. მისი თქმით, იეჰოვას მოწმეთა სარჩელი 30 -მდე ეპიზოდს შეიცავდა და საქმეს 99 მოწმის ჩვენება ჰქონდა დართული.
„იეჰოვას 99 მოწმიდან სასამართლომ 88 პირი დაზარალებულად ცნო და სწორედ მათ უნდა გადაუხადოს სახელმწიფომ კომპენსაცია, რომელიც დაზარალებულებმა სამი თვის განმავლობაში უნდა მიიღონ. სარჩელი ეხება 2000-2002 წლების მოვლენებს, რომელიც 30- მდე ეპიზოდს მოიცავს. ამ ერთ სარჩელში გაერთიანებულია ედუარდ შევარდნაძისდროინდელი პერიოდი, როდესაც იეჰოვას მოწმების მიმართ ირღვეოდა ადამიანის უფლებები. საქმეში ერთ-ერთი ეპიზოდი ეხება ბასილ მკალავიშვილსაც. 2001-2002 წლებში, როდესაც გლდანი-ნაძალადევის სასამართლო განხილვისას ბასილ მკალავიშვილი დარბზში მრევლთან ერთად შემოიჭრა და იეჰოვას მოწმეების მიმართ თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშსწორება განახორციელა.
გარდა ამისა, არის კიდევ ერთი ეპიზოდი, ე.წ. ზუგდიდის ეპიზოდი, 2001 წლის სექტემბერს ზუგდიდში ადგილობრივმა პოლიციამ იეჰოვას მოწმეების რელიგიური შეკრებები დაარბია და სასტიკად გაუსწორდა მათ. მაგ დროს სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობა იყო იეჰოვას მოწმეები, როგორც რელიგიური უმცირესობის წევრები დაეცვა არადაამიანური მოპყრობისაგან, მაგრამ მაშინ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო იეჰოვას მოწმეების დაცვა. ამჟამად ჩვენ ველოდებით, იუსტიციის სამინისტროდან ოფიციალურ მოწვევას და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვითანამშრომლებთ სამინისტროსთან ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მანუჩარ ციმენტიამ „კვირასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას იეჰოვას მოწმეებისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ მოსარჩელეებს გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების სანაცვლოდ 15 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს – ამის შესახებ ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდზეა განთავსებული. საქმე, სახელწოდებით: “ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” 2000-2001 წლებში საქართველოში, ხელისუფლების მიერ იეჰოვას მოწმეებისადმი გამოვლენილ აგრესიას და მათ შევიწროებას ეხება. სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას. სარჩელში იეჰოვას მოწმეების დევნის, მათ წინააღმდეგ გამოჩენილი ფიზიკური ძალადობისა და ვერბალური შეურაცხყოფის 30-მდე ეპიზოდს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ საქმის თითოეულ მონაწილეს 350 ევრო უნდა გადაუხადოს.

                                                                                                                                                                                                                                  იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები