“საჭიროა, მივიღოთ მექანიზმი, რითაც ადამიანის უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას შორის ბალანსი უზრუნველყოფილი იქნება” – არჩილ გორდულაძე

“საჭიროა, მივიღოთ მექანიზმი, რითაც ადამიანის უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას შორის ბალანსი უზრუნველყოფილი იქნება – როგორც დიდ ბრიტანეთში ადამიანებს საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა აქვთ, ქართველები არავისზე ნაკლები არ ვართ და იგივე ბერკეტები და თავის დაცვის მექანიზმი უნდა გვქონდეს”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა.

„ის, რაც აქამდე თვითრეგულირებაში იყო, კომუნიკაციების კომისიის განსახილველ საკითხებში გადმოდის. ახალი რედაქციით ყალიბდება ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხისმგებლობა, რომლის მიხედვით, ახალი ამბები უნდა იყოს ფაქტებზე დაფუძნებული. ის ჯეროვანი სიზუსტითა და მიუკერძოებლობით უნდა გავრცელდეს. მაუწყებელი ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია არ გავრცელდეს. ამავე დროს, როდესაც ახალი ამბების დროს დადგმები და ინსცენირება იქნება გამოყენებული, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ადგილი აქვს ინსცენირებას.

მაუწყებელმა ასევე უნდა მოახდინოს ანონიმურ წყაროზე მითითება – როდესაც რაიმე ინფორმაციას ავრცელებს, ცალსახად უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ინფორმაცია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება.

თითოეულ ადამიანს, ვისზეც არასწორი ინფორმაცია გავრცელდება, შესაძლებლობა ექნება კომუნიკაციის კომისიას მიმართოს, შემდეგ მაუწყებელს დაევალოს და ის ვალდებული იქნება, არასწორი ფაქტის შესახებ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

ახალი ამბების გადაცემისას, მაუწყებელი ვალდებული იქნება სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპი დაიცვას.

ერთმანეთისგან მკაცრად უნდა გაიმიჯნოს ფაქტი და აზრი. დაუშვებელი იქნება რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ან პოლიტიკური თანამდებობის პირი ახალი ამბების წამყვანი იყოს.

ახალი ამბების პროგრამაში დაცული უნდა იყოს ნეიტრალიტეტი.

ამავე დროს მაუწყებლის მიერ ახალ ამბებში პირადი დამოკიდებულების და პირადი მოსაზრებების გავრცელება დაუშვებელი იქნება. საზოგადოებამ ჯეროვანი ინფორმაცია უნდა მიიღოს და შეფასება თვითონ გააკეთოს და არა მაუწყებელმა“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები