პრეზიდენტი უკრაინის მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტი უკრაინის მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს საქართველოს გამოცდილება გაუზიარა და აღნიშნა, რომ უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა სწორედ 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების გაგრძელებაა. მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობა, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ხალხთა მეგობრობას ემყარება.
„დიდი იმედი გვაქვს, რომ ის, პრობლემები, რომლებიც უკრაინას დაატყდა თავს, სწრაფად, ეფექტიანად და ადამიანური მსხვერპლის გარეშე გადაიჭრება. სამწუხაროდ, მსგავსი რამ ჩვენ უკვე გამოცდილი გვაქვს. ჩვენ ეს გავიარეთ 2008 წელს და მანამდეც. ჩვენთვის ძალზე მტკივნეულია ის, რაც უკრაინაში მოხდა და კიდევ ერთხელ გამოვხატავ თანაგრძნობას უკრაინელი ხალხის მიმართ. საზოგადოების დანაწევრება ძალიან მტკივნეული და პრობლემური საკითხია, რომელიც ერთიანობით უნდა დავძლიოთ… მნიშვნელოვანია იმ ხალხის საზოგადოებაში ინტეგრაცია, რომელსაც დღესდღეობით ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობისგან განსხვავებული ფორმატით უწევს ცხოვრება. ეს არ უნდა მოხდეს აგრესიის გზით, რადგან აგრესიული დაბრუნება საკითხის გადაწყვეტის ძალიან ცუდი ფორმაა, ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთვის. ეს უნდა დაიწყოს მეორე მხარეს მცხოვრები ხალხის ჩაბმით საქართველოში მიმდინარე საერთო პროცესებში. მავთულხლართები, რომლებსაც რუსეთის მხარე ავლებს ჩვენს შორის, რეალურად, იმ ადამიანებს ურთულებს ცხოვრებას, რომლებსაც, მაგალითად, სამედიცინო გამოკვლევების, სხვა სოციალური საკითხების მოგვარებისა თუ კომერციის მიზნით სურთ გადმოსვლა. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც ე.წ. საზღვრებთან დგანან, ამ პროცესს აქტიურად უშლიან ხელს… ამას ჩვენ ვამბობთ ყველგან, მათ შორის ჩვენი ვიზიტების დროს, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. ამ კვაზი-სახელმწიფოების შექმნით, ჩნდება უკონტროლო ტერიტორიები, რომლებზეც მილიონები იხარჯება, თუ არა მილიარდები. თანაც ეს თანხა პრაქტიკულად არ კონტროლდება და ნარკოტიკებისა და უკანონო იარაღის „ბუდე“ ხდება. ნებისმიერი სახელმწიფო ცდილობს არა იმას, რომ საკუთარ საზღვართან მსგავსი პრობლემა შექმნას, არამედ გადაჭრას, თუკი ის არსებობს. რუსული პოლიტიკა, ამ თვალსაზრისით, სამწუხაროდ, თავად იქმნის პრობლემებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ხარჯზე, რომლებისთვისაც ეს უკვე პრობლემა კი არა, ტრაგედიაა. ამიტომ, დროა გაიგონ, რომ ეს მათთვისვეა ცუდი, რადგან კარგავენ ავტორიტეტს, კარგავენ ფულს, ამის გამო უწესდებათ სანქციები და ვერავინ ნახულობს სარგებელს. მსოფლიოში ყველაზე დიდ ქვეყანას არ სჭირდება დამატებით რამდენიმე ასეული კილომეტრი. ჩვენ უნდა გავაგებინოთ ეს რუსეთის პოლიტიკურ ელიტასაც და საზოგადოებრიობასაც“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მათთან საუბრისას.
ქვეყნის პირველმა პირმა ისიც აღნიშნა, რომ არც ერთი სახელმწიფო რუსეთის მტერი არ არის. მისი თქმით, ჩვენს ხელთაა მთავარი იარაღი – სიმართლე, რომლითაც ნებისმიერ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ.
საქართველოსა და უკრაინული მედიის წარმომადგენელთა შეხვედრა დიალოგის რეჟიმით წარიმართა. ქვეყნის პრეზიდენტთან მათ შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. ერთკვირიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც IREX-ის (საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს) ორგანიზებით განხორციელდა, ისინი შეხვდნენ რეგიონული მედიის წარმომადგენლებს, აშშ-ისა და უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს საქართველოში; მონაწილეობა მიიღეს პანელურ დისკუსიებში მედიასთან მომუშავე სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებთან ერთადაც განიხილეს ისეთი საკითხები როგორებიცაა მედიამონიტორინგი, სიძულვილის ენის გამოყენება, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, საკანონმდებლო ცვლილებები, “მასთქერი” და ა.შ.
უკრაინულმა მედიაჯგუფმა საქართველო დღეს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები