გია ვოლსკი: “შავი ფულის” შემოდინების გაგრძელების გამო, კანონის გამკაცრება გახდა საჭირო

“დაახლოებით იგივე საჭიროებაა, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა თავის დროზე, როდესაც მსოფლიოს ემუქრებოდა ბოროტი ძალა – ეს ფაშიზმი იყო იმ პერიოდში,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, შემდეგ, ეს FARA-ს კანონი დაიხვეწა და მობილიზებული იყო იმისათვის, რათა ამერიკის შეერთებულ შტატებში შიდა პროცესებზე გავლენა არ მოეხდინათ გარედან დაფინანსებულ ორგანიზაციებსა თუ კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის, მედიასაშუალებებს.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს,  მმართველი გუნდი მთავარ გრანტის გამცემ ორგანიზაციებთან შეთანხმდა კიდეც, რომ გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა, “შავი ფულის” შემოდინების გაგრძელების გამო, კანონის გამკაცრება გახდა საჭირო.

“შევეცადეთ, რომ საკმაოდ რბილი, ლოიალური კანონით ეს აუცილებლობა დაგვენახებინა პარტნიორებისათვის, შევთანხმდით კიდეც – ძირითადი გრანტის მომცემი ორგანიზაციებიდან ყველა დათანხმდა, რომ გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ საპირისპირო სურათი ვიხილეთ – შავი ფულის შემოდინება და მისი გამოყენება რევოლუციური პროცესების განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, კანონის გამკაცრებაა საჭირო,” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ამერიკული FARA-ს ზუსტ ანალოგსა და მედიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობას პარლამენტი მომდევნო კვირიდან იწყებს. კანონპროექტები, რომლებიც ოპოზიციისთვის მიუღებელია, საკანონმდებლო ორგანოში ორშაბათს ოფიციალურად დარეგისტრირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები