დავით მათიკაშვილი: ქართველი რადიკალები ცდილობენ საქართველოში ანტიამერიკული განწყობები შექმნან
“ქართული ოცნების” წევრი დავით მათიკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მისამართით ქართველი ოპოზიციონერების განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ქართველი რადიკალები ცდილობენ საქართველოში ანტიამერიკული განწყობები შექმნან.
„ქართველი რადიკალები არიან სრულიად დემორალიზებულები, საბოლოოდ დამარცხებულები და ის, რასაც ეს ხალხი დღეს ჩადის, პირდაპირ არის მცდელობა, საქართველოში შექმნან ანტიამერიკული განწყობები. ისინი ლანძღავენ ქვეყნის პრეზიდენტს – დონალდ ტრამპს. თვე-ნახევრის წინ იყო დრო, როდესაც ერთიმეორეს ეჯიბრებოდნენ, გამოსულიყვნენ ეკრანებზე და საზოგადოებისთვის ეუწყათ თუ როგორ ახლო ურთიერთობებში არიან პრეზიდენტ ტრამპთან. ინაუგურაციის დროს ადგილებს ინაწილებდნენ, როცა მათი წარმოდგენით, შეერთებულ შტატებში დაპატიჟეს. ჯერ ერთი, არავის დაუპატიჟებია და მეორეც, როდესაც გაცხადდა დონალდ ტრამპის და თეთრი სახლის ოფიციალური საგარეო პოლიტიკა, ეს ანტიქართველები საქართველოში ანტიამერიკულ განცხადებებს ერთიმეორეზე მიყოლებით აკეთებენ – ლანძღავენ აშშ-ის პრეზიდენტს, მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, არ იშურებენ უშვერ სიტყვებს და ავლენენ საკუთარ თავს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.