გია ვოლსკი – რადოსლავ სიკორსკის განცხადებაზე: ჩვენს მიმართ ეს უსინდისო განცხადებაა – არავითარი ანტიევროპული საქართველოში არ არსებობს

“ვფიქრობ, ჩვენს მიმართ ეს უსინდისო განცხადებაა ამ ადამიანის [რადოსლავ სიკორსკი] მხრიდან – არავითარი ანტიევროპული არ არსებობს საქართველოში – ევროპული სტანდარტის დამკვიდრებაში პოლონეთსაც ბევრი მიმართულებით ვჯობივართ”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას.

მისი თქმით, ევროკავშირის გარკვეული წრის მონდომებაა, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს.

ვოლსკის შეფასებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება რადოსლავ სიკორსკის განცხადებაც.

„ვფიქრობ, ჩვენს მიმართ ეს უსინდისო განცხადებაა ამ ადამიანის [რადოსლავ სიკორსკი] მხრიდან. ის პირდაპირ დაკავშირებულია გარკვეულ პროცესებთან, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მიმართ რაღაც ანტაგონისტური ალიანსის შექმნას. თვითონ, მისი მეუღლე, რომელიც დიდი ფონდის მართვის საბჭოს წევრია, კონკრეტულად NED-ის და ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ამოცანაზე არიან ორიენტირებული, რომ როგორმე საქართველოში ისეთი პრობლემები შეიქმნას, რომელიც ხელისუფლებას შეცვლის. არავითარი ანტიევროპული არ არსებობს საქართველოში. ყველა მაჩვენებლით წინ ვართ, მათ შორის პოლონეთთან მიმართებით – გინდა კორუფციასთან ბრძოლის თემა იყოს, გინდაც სასამართლოს სამართლიანობა და გინდა მართვის გამჭვირვალობა. პოლონეთსაც ბევრი მიმართულებით ვჯობივართ ევროპული სტანდარტის დამკვიდრებაში. ეს არის მთავარი და არა განწყობები და აღქმები, რომელიც ახალგაზრდებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. ამას ემსახურება სიკორსკის განცხადებაც, რადგან ერთი, რომ ფაქტები აბსოლუტურად სხვა არის და მეორე, საზოგადოება ხომ გრძნობს რა გეგმა და ამოცანა აქვს – ხელისუფლების შეცვლა საქართველოში, ეს არის ევროკავშირის გარკვეული წრის მონდომება და ამ შემთხვევაში უკვე საქართველო აშშ-ის ადმინისტრაციასთან დაპირისპირების პოლიგონად გადააქციეს. ეს არის რეალობა და ამას ემსახურება, სამწუხაროდ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ისინი საქართველოსგან მოელიან ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რომელიც ქვეყანაში “ქართულმა ოცნებამ” დაამკვიდრა.

მან ისაუბრა გაფართოების პროცესში „უარყოფით ტრენდებზეც“ – ამ კონტექსტში საქართველო ახსენა და გამოთქვა მოლოდინი, რომ საქართველოში ანტიევროპული ტრენდი „შემობრუნდება“. ასევე, მხარდაჭერა გამოხატა ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მიმართ.

„სამწუხაროდ, გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში ასევე უარყოფით ტრენდებს ვადევნებთ თვალს. მოველით ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რომელიც საქართველოში “ქართულმა ოცნებამ” დაამკვიდრა – რომელიც ხელისუფლებაში საეჭვო სტანდარტების საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა. პოლონეთის [ევროკავშირის საბჭოში] პრეზიდენტობა მხარს დაუჭერს ქართული საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს”, – განაცხადა სიკორსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები